ახალი ამბები ბიზნესი ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ეგონათ, მაია იტყოდა სააკაშვილი თანხებს მძალავდაო“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ვახტანგ რჩეულიშვილთან

პროკურატურის მიერ „ცენტრ პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავა დღეს მედიის ყურადღების ცენტრში საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მოექცა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ამ დროისთვის “ცეტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულნი არიან „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, „ცენტრ-პოინტის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი, „ცენტრ-პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. პროკურატურა მათ ბათუმში „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაგეგმილი „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობის პროცესში მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.

სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა, დაკავებული ბრალდებულები და საქმის შესაძლო პოლიტიკური საფუძველი –  სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა “მეტრონომს” სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი.

მეტრონომი“: მინდა საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით დავიწყოთ. სამინისტროს ინფორმაციით, 20 მლნ. ლარი, რომელზეც აცხადებდით, რომ სამინისტროს ჰქონდა თქვენთვის დასაბრუნებელი, სიცრუეა. “კომპანიის დამფუძნებლები სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსით, არ აქვს უფლება გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე, გაამჟღავნოს გადამხდელის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია, რადგან კანონმდებლობით, ის წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას“. რა არის თქვენი პასუხი იმ არგუმენტებზე, რომელიც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნახსენები?

ვახტანგ რჩეულიშვილი: ამაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია. ცხადია, რომ მთავრობა იძულებულია პროკურატურას დაუჭიროს მხარი. ეს განცხადება სიცრუე რომ არის ამას ადასტურებს ჩემი და ფინანსთა სამინისტროს მიმოწერა. ჯერ კიდევ შარშან ვთხოვეთ ფულის დაბრუნება. მოგვწერეს, რომ 31 დეკემბერს მოგწერთ ზუსტ პასუხსო, რადგან მათი თქმით, იმ დროს თანხებს ამოწმებდნენ. შემდეგ გადაიტანეს თებერვლამდე, შემდგომ გვითხეს, რომ თანხის დაბრუნებაზე პასუხს 31 მაისს მივიღებდით, ხოლო 31 მაისს მოგვწერეს, რომ 31 აგვისტოს გვეტყოდნენ ზუსტ პასუხს. თუ მათ მონაცემები იცოდნენ, რას გვატყუებდნენ და გვაწვალებდნენ. პროკურატურაში ეს საკითხი ღიად გავაკრიტიკე, ახლა მეუბნებიან, რომ არაფერი გადასახადი არ გვაქვსო. თუ ვტყუოდი მაშინ ერთი წელი რას ამოწმებდნენ?!

ეს მიმოწერა სასამართლოში წარადგინეთ?

– ეს მიმოწერა მე მაქვს. დღეს მაიას და რუსას ბრალეულობის საკითხი იხილება. სასამართლო საქმის შესწავლას როდესაც დაიწყებს მაშინ განიხილავს ამ მიმოწერას, პროკურატურაში ეს ჩანაწერები დიდი ხანია რაც წარდგენილი გვაქვს. პროკურატურამ მთელი მთავრობა ჩააბა ამ ინტრიგაში, ან პირიქით.

თქვენ ამ საქმის პოლიტიკურ მხარეზე ისაუბრეთ. თქვით, რომ მაია რჩეულისშვილისგან გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა ჩვენების მიღება. რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს თქვენი მეუღლე ისეთს, რომ პროკურატურისთვის საინტერესო იყოს და მთელი ეს პროცესი ამას დავუკავშიროთ?

– ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, რომ მაიას მეშვეობით სააკაშვილზე გავიდოდნენ. ეგონათ მაია იტყოდა თანხებს მძალავდაო. სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა ჩვენ გართულებული გვქონდა განსაკუთებით ბოლო პერიოდში, მაგრამ თვითონ პერსონალურად სააკაშვილი ყველა ჩვენ მიმართვას პასუხობდა და ადეკვატურ ნაბიჯებს დგამდა. ანუ მდგომარეობა ასეთი იყო: ჩვენ მივმართეთ მთავრობას მხარდაჭერისთვის როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რათა გადაეხედათ ჩვენი საგადასახადო ვალდებულებებისთვის, შეემცირებინათ ან ჩამოეჭრათ გადასახადები და მეორე – დაგვხმარებოდნენ კანონიერი გზით, ანუ კანონის მიღებით ჩვენსა და კლიენტებს შორის ურთიერთობის მოგვარებაში.

ვინაიდან, პრეტენზიები კანონით მთლად კარგად არ იყო გაწერილი, რისი უფლება აქვს ერთ მხარეს და რისი – მეორეს, შემდეგში შეიქმნა კიდეც ასეთი კანონი ნოტარიული აღიარების შესახებ, რომელიც ამარტივებდა ამ პროცედურას. თბილისის მერიამ ჩვენი მოთხოვნების საპასუხოდ შემოუშვა “დექსუსი”, როცა გაიგო, რომ მთავრობა “ცენტრ პოინტის” წინადადებებს იხილავს, შემოუშვა “დექსუსი” მისივე შექმნილი კომპანია, რომელმაც მოახერხა ობიექტების მითვისება. ამას ჰქვია კომპანიაზე რეიდერული თავდასხმა. პირველი დარტყმა სწორედ მაშინ მოგვაყენეს. წაგვართვეს აქტივები. როცა გავასაჩივრეთ ეს საკითხი პროკურატურაში, იმის მაგიერ, რომ დაგვხმარებოდა ფულის ამოღებაში, არ დაიწყეს შესწავლა, მხოლოდ ფორმალურად შეისწავლეს ჩვენი კლიენტების საჩივრები და რეალურად, ეს ყველა საკითხი ღიად დარჩა.

ამ ხელისუფლებამ ჩაანაცვლა წინა ხელისუფლება და სასამართლოში ვებრძოდით არა სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ ამ ხელისუფლებას. სააკაშვილისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას არც მივუღივართ და ერთი სასიკეთო ნაბიჯიც არ გადაუდგია.  სააკაშვილმა რაღაც მაინც გააკეთა იმის მიუხედავად, რომ მისმა მერიამ გაგვძარცვა. პროკურატურა ახლა გვეჭიდავება. მიმიღოს პრემიერ-მინისტრმა ან სხვა ვინმემ. ჩემი ქონების დაბრუნებას ვითხოვ, რათა ჩემი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულება შევძლო. ეს არ უნდათ და საბიუჯეტო თანხებს არჩევნებისთვის იყენებენ. არჩევნების წინ ისევ წართმევა მოინდომეს ჩვენი ქონების. პროკურატურაში შეიქმნა 30-კაციანი ჯგუფი, მათ სურდათ ჩვენი უკმაყოფილო კლიენტებს პროკურატურისთვის მიემართათ, სამაგიეროდ, პროკურატურა შეჰპირდა დაზარალებულად გაღიარებთო. გეკითხებით კმაყოფილი ვინ იქნება? მაგალითიდა თქვენ მიიღეთ ბინა, რამდენიმე წელიწადი  დაგიგვიანდათ, უკმაყოფილო ხართ, რამდენიმე წელი უცდიდით, ნერვიულობდით. ყველასთვის ნათელია, რომ ამას ნებისმიერი მოაწერდა ხელს.

დაზარელებულები აცხადებენ, რომ მათთვის მთავრი მაია რჩეულიშვილის დაკავება არა არის. ამ ადამიანებს ქონების დაბრუნება სურთ. ამ პირობებში ეს როგორ მოხდება?

– თქვენც ალბათ შეამჩნევდით ერთი და იგივე დაზარალებულები გამოჰყავთ სულ, რომელთა დიდ ნაწილს თავისი პრობლემა დიდი ხანია მოგვარებული აქვთ. მაია ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც „ცენტრ პოინტის“ მმართველობაში დაბრუნდა არა მარტო მთელი რიგი ობიექტები თითქმის ბოლომდე მიიყვანა, არამედ ამ წლების განმავლობაში მან უამრავი დავალიანება გაისტუმრა და ამის გარდა, შექმნა ქმედითი სისტემა დავალიანების გასტუმრებისა, რომელიც დღეს დაყადაღებულია ჩვენი ქონების სახით. არ გაგვაყიდინეს ჩვენი საკუთარი ქონება. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ქონების მითვისება უნდათ. ეს არის ათეულობით მილიონი ლარის ქონება. ამიტომ დაიჭირეს მაია, მათ უნდათ ეს ქონება გამოგვძალონ.

გუშინ განაცხადეთ, რომ გარკვეული მუქარა იყო თქვენი მეუღლის მიმართ. რატომ დაგემუქრნენ და თუ მიმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ან სახალხო დამცველს?

– სატელეფონო მუქარა იყო. მომწერეს შენს ცოლს ციხეშივე ჩავაძაღლებთო. სახალხო დამცველის ოფისი უკვე მონიტორინგს აწარმოებს.

ბოლოს პროცესზეც გვითხარით. რას აპირებთ?

– ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ და მთავრობას მოუწევს მთელი ქონების დაბრუნება და მაიას ციხიდან გამოშვება. გუკა და სალომე საერთოდ არაფერ შუაში არ არიან. ისინი მაიაზე ზეგავლენის მიზნით დაიჭირეს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....