ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევილის მამული საქართველოს 20 სექტემბრამდე გადმოეცემა

მრავალი წელია, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებთან ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შესახებ, ინფორმაციას აღნიშნულზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა პარიტეტულმა კომისიამ, რომლის წევრებიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი არიან, 2016 წლის 9 აპრილს, პარიზში, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებთან შეთანხმებას მიაღწია პროექტზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მამულის დღევანდელ მესაკუთრეთათვის მისაღები იქნება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემა.

2016 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულებით დაამტკიცა აღნიშნული პროექტი, რომელიც, ითვალისწინებს მამულის რეაბილიტაცია-შენარჩუნებას, პირველი რესპუბლიკის მუზეუმის მოწყობას შატოში და ქართული აკადემიის დაარსებას, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები და მკვლევრები საქართველოდან რამდენიმე თვით, როტაციის პრინციპით იქნებიან მივლენილნი შემოქმედებითი სამუშაოებისათვის.

მოლაპარაკებებში მიღწეული ამ წარმატების საფუძველზე 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე იუბილეზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტს.

მიშელ რამიშვილმა (ნოე რამიშვილის შვილიშვილი), თამარ ჩხენკელმა (აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი), ირენ ციციშვილმა (ნოე ჟორდანიას შვილიშვილი) და ტიერი ბერიშვილმა (სამსონ ფირცხალავს ოჯახის წარმომადგენელი) აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ლევილის მამული, როგორც თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლო, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისს დამტკიცებული პროექტის განხორციელების პირობით, ქართველ ხალხს მიმდინარე წელს გადაეცემა.

განზრახულია, მამულის გადმოცემის საბოლოო აქტს ხელი მოეწეროს 2016 წლის 20 სექტემბრამდე. აქტზე ხელმოწერის აუცილებელი პირობაა პროექტის განხორციელების ათწლიანი ფინანსური გეგმის წარდგენა, რომელიც დეტალურად უნდა გაიწეროს შესაბამის სამთავრობო აქტში.

ლევილის შატოსა და მთლიანად მამულის რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხი იქნა განხილული შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,  საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კონსულტაციების შედეგად შემუშავებული საბოლოო დოკუმენტი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.

იტვირთბა....