ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” მონაწილეობს. ბათუმის რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

უწყების ცნობით, ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია, ტრადიციულად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

წელს პირველად, კონფერენციის ფარგლებში ღამის სესია გაიმართება. სესიის მონაწილეები „ჩეტემ ჰაუსის“ (Chatham House) ფორმატში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხსა და ევროპის მომავალზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დისკუსია გაიმართება, რომელსაც „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის“ საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი გაუძღვება.

კონფერენციის მონაწილეებს ქართული კულტურის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 2007 წლიდან ტარდება. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი.

იტვირთბა....