თეთრიწყაროში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები: „მეტრონომს“ დეტალებზე მოკლული მამაკაცის ნათესავი უყვება.
თეთრიწყაროში ქმარმა ცოლს და სტუმრად მყოფ მამაკაცს ყურები დააჭრა. მამაკაცი გარდაიცვალა, ცოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „მეტრონომს“ მოკლული მამაკაცის ნათესავმა სოფო ნადირაძემ განუცხადა, მისი ბიძაშვილი კ.პ ცოლის ცემის გამო ბრალდებულს გამოესარჩლა, რის გამოც ბრალდებულმა ის ცემით მოკლა, ცოლს კი ყურები მოაჭრა. ყურები აქვს მოჭრილი მოკლულ მამაკაცსაც.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, მოკლული მამაკაცის ნათესავმა კი „მეტრონომს“ განუცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არასწორად ავრცელებენ.
მოკლულის ნათესავი „მეტრონომს“ დეტალების შესახებ უყვება.
„კ.პ, ჩემი ბიძაშვილი, სტუმრობდა ზ.ს-ს(ბრალდებული). მან კ.პ თავად დაპატიჟა სახლში, რომ აღენიშნათ ჩემი ბიძაშვილის სამსახურის დაწყება. კ.პ-მ და ზ.ს-მ დალიეს ერთად. ზ.ს-მ მეზობლების თქმით, სტაბილურად სცემდა თავის ცოლს. კ.პ იქნა ცემით მოკლული, „რკინის ლომით“ მიყენებული დარტყმებით. ასევე, ბრალდებულის ცოლი იყო უგონოდ ნაცემი იმავე რკინის ჯოხით, ლომს რომ ეძახიან სვანეთში. ორივეს ყურები ჰქონდათ მოჭრილი. სასტიკად ნაცემი, ნაწვალები ორივე, ისეთი რომ კ.პ-ს ცოლი რომ მიიყვანეს ამოსაცნობად, მან ვერ იცნო დიდი ხნის განმალობაში თავისი ქმარი.
ზ.ს გაიქცა, მიიმალა. მისი ძმა და რძალი რატომღაც იმავე ღამეს ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ისინი სხვა ქალაქში ცხოვრობენ. მათ მხოლოდ დილის 11 საათზე დაურეკეს არა პოლიციას, არამედ გამგებელს შემთხვევის შესახებ. დანაშაულის ადგილი და მიცვალებული მიაყუდეს კედელზე ჩაცუცქული. გამგებელი მივიდა კ.პ-ს დის სახლში. დის ქმარი წაიყვანა ზ.ს-ს სახლში. მან თქვა რომ კ.პ იყო ჩაცუცქული, მიყუდებული კედელზე და ხროტინი ამოუშვა როცა შეეხო. გაციებული, მკვდარი, მოკლული იყოო- თქვა მან.
ზ.ს-ს ცოლი, ცოცხალი აღმოჩნდა. თავი მოუმკვდარუნებია, – ასე მითხრა დედაჩემმა. ახლა ცოლი საავადმყოფოშია.
პოლიციას არავინ შეატყობინა, არც ზ.ს-ს ძმამ და მისმა ცოლმა და არც გამგებელმა, მითუმეტეს სასწრაფოს არავინ გამოუძახა!!!
აი, ეს ვიცი, ისიც, რომ ჩემი ბიძაშვილი ძალიან სამართლისმოყვარე იყო ყოველთვის და ჩაგვრას სულ ეწინააღმდეგებოდა. ძალიან კეთილი და ტკბილი იყო, მე სულ მეთამაშებოდა პატარა რომ ვიყავი“ – განუცხადა მოკლული მამაკაცის მამიდაშვილმა „მეტრონომს“.
„მეტრონომს“ შსს-ში აღნიშნული მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.
„მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს სიხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს, გარდა ამისა, 11 პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.