„ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომლის – გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანისა და ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორის ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
მთავარი პროკურატურის საზოგადოების სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ცენტრ პოინტის ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გუკა რჩეულიშვილის დედამ, მაია რჩეულიშვილმა დაადასტურა.
მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი ცენტრ პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება. ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ სასამართლოს განჩინებით, გუკა რჩეულიშვილის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ის სახლში არ დახვდათ.
ტელეკომპნაია “რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას რჩეულიშვილის მამა, ცენტრ პოინტის დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი და ადვოკატები იმყოფებიან. პროკურატურამ მათ შესთავაზა, რომ გუკა რჩეულიშვილი თავად ჩაბარდეს სამართალდამცველებს. დაცვის მხარის თქმით კი, ახლა ისინი სტრატეგიაზე მუშაობენ.