დალასში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკელი სამართალდამცავები მუქარის წერილებს იღებენ. დალასის პოლიციაში განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დეპარტამენტმა ანონიმური წერილი მიიღო.
გზავნილში აღნიშნული იყო, რომ სამართალდამცველების მოსაკლავად დალასში ჰიუსტონიდან შეიარაღებული პირების ჯგუფი გაემგზავრა და რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციის შენობაში შეაღწია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც, თუმცა არსებული ინფრომაციით, ძალოვანებს არავინ დაუკავებიათ.
დალასში უსაფრთხოების ზომები 8 ივლისს გააძლიერეს, მას შემდეგ რაც სნაიპერმა 5 პოლიციელი მოკლა და 12 დაჭრა. თავდასხმა აქციის დროს მოხდა, როდესაც მოსახლეობა პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო, საპროტესტი აქციაზე შეიკრიბა.
პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო გამოსვლები შეერთებული შტატების ყველა დიდ ქალაქში უკვე მესამე დღეა იმართება. მინესოტაში და ნიუ იორკში აქციები პოლიციასთან შეტაკებით და დაკავებებით დასრულდა.