ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, თანახმა ვარ დამსვან დენის სკამზე“: მაგდა პაპიძის მიმართ უვადო პატიმრობა მოითხოვეს

სახელმწიფო ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მაგდა პაპიძეს შეეფერდოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულმა დარეჯან მინდიკაურმა მოითხოვა ასევე უვადო პატიმრობა: ”ადამიანმა რომელმაც 2 ადამიანი დახოცა, ის საზოგადოებისთვისაც საშიშია. ამიტომ მოვითხოვ უვადო პატიმრობას” – აღნიშნა მან.

ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა:

”ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა. მაგრამ რადგან ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი, მე გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ როგორი დედა იყო მაგდა. ფსიქიატრმა თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად განიცდის სიყვარულის ნაკლებობას. მიეცეს საშუალება ბრალდებულს, რომ მივიდეს საკუთარი შვილის საფლავზე. მოვითხოვ ბრალდებულის სასჯელი განისაზღვროს მინიმუმით”- აღნიშნა ადვოკატმა.

სიტყვა თავად ბრალდებულმაც წარმოთქვა:

”მე თუ ის ადამიანი აღმოვჩნდები, რომელმაც საკუთარი ხელით დახოცა საკუთარი ქმარი და შვილი, თანახმა ვარ დამსვან დენის სკამზე. მე სიმართლისთვის ვიბრძვი, ვერ მივაღწიე ამ ქვეყანაში. არ მინდა ასეთი სიცოცხლე, არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. რადგან მე არ ჩავიდენ თვითმკვლელობას, არ წავალ ჩემი ღმერთის წინააღმდეგ, ვთხოვ სახელმწიფოს, ჩემს პრეზიდენტს, გააკეთოს ეს, ასეთი ადამიანი ცოცხალი არ დატოვოს” – აღნიშნა ბრალდებულმა.

მოსამართლე ამ ეტაპზე გავიდა სათათბირო ოთახში, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მისი გადაწყვეტილება, რამდენ წელს მოუსჯიან ბრალდებულს.

 

 

იტვირთბა....