აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოიძახა.
არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან, თუმცა გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ განცხადებას ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება” უწოდა. პრეზიდენტის განმარტებით, გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა არაკომპეტენტურობა.
ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ზალკალიანმა ელჩის გამოძახების მიზეზი დაასახელა, თუმცა ჟურნალისტების კითხავს, შეიძლება თუ არა ამ განცხადების გამო ელჩი გაათავისუფლონ, არ უპასუხა:
”ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – განაცხადა ზალკალიანმა.
არჩილ გეგეშიძე უკვე საქართველოშია. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა:
”კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, – განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.