ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფრთხილად: თბილისში ტარანტულები გამოჩნდა – როგორ მოვიმოქმედოთ კბენის შემთხვევაში

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენის თაობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის შხამიანია, მაგრამ არ არის საშიში ადამიანისთვის.

ტარანტული ობობასნაირთა კლასის მოზრდილი ზომის (20-30 მმ სიგრძის) ფეხსახსრიანი ცხოველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ.

“სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ, თუ ეცდებით მის დაჭერას”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტრანატულის კბენის შემთხვევაში:

 

რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ?

არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა;

არ დასეროთ დაზიანებული ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას?

მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ;

დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით;

დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები, სანამ არ შეწყდება ტკივილი;

შეშუპების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

მიიღეთ ბევრი სითხე – ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;

ალერგიული რექციის შემთხვევაში – მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

იმ შემთხვევაში, თუ ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება – სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.

 

იტვირთბა....