„ნებისმიერი მოქალაქის საჩივარზე მივალ პროკურატურაში, მაგრამ არა ”ნაციონალური მოძრაობის” ზონდერ-სატელიტების საჩივრის საფუძველზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. საქმე ეხება პროკურატურაში მის წინააღმდეგ ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” საჩივარს.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი” ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტია.
”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი ზონდერ-ენჯეოების საჩივარი პირდაპირ მიმანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ”ნაციონალური მოძრაობა” პანიკაშია ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო და როგორც ეტკინათ, ისე ცდილობენ რაიმე სახით ეს ტალახი ჩამოირეცხონ. მათი საჩივარი ჩემთვის პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ზუსტად იქ მოხვდათ, სადაც დაიმსახურეს, იმიტომ რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა დაიწყეს საქართველოს ერთგვარი კავშირის მოძებნა თურქეთში განხორციელებულ ტერაქტთან. თუ სტკივათ, ზოგადად სიმართლე მწარეა და უნდა აიტანონ. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საჩივრის საფუძველზე, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. ნებისმიერი მოქალაქის საჩივარზე მივალ პროკურატურაში, მაგრამ არა ”ნაციონალური მოძრაობის” ზონდერ-სატელიტების საჩივრის საფუძველზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ზვიად კუპრავა აჰმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის” დარღვევაში ადანაშაულებს.