ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს“: გიგი წერეთელი არ აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით ავსტრიელი დეპუტატი ქრისტინე მუტონენი გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან 86 ხმა მიიღო, გიგი წერეთელმა – 73.

აღსანიშნავია, რომ მუტონენის კანდიდატურას  მხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც დაუჭირა. მან პრეზიდენტის არჩევამდე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.

„მართალია, ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ეუთოში დამკვიდრებული პრაქტიკა, ამიტომ კონკრეტულად არჩევნებთან და საარჩევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევებში. მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული“ ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესია თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ავსტრიელი ვიცე-სპიკერი. ეს კარგი იქნება ეუთოსთვის და კარგი იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად გიგი წერეთელი, იმედი მაქვს, ამის გამო შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ თავიანთი განწყობების გამოხატვას ისეთი ფრაზეოლოგიით, რომელიც დააზარალებს საქართველოს და არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასამბლეის პრეზიდენტობაზე  კენჭს იყრიდნენ  ავსტრიელი ქრისტინე მუტონენი, რომელიც “სოციალისტურმა პარტიამ” დაასახელა, დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი ალან ნერი და გიგი წერეთელი, რომელიც კანდიდატად “ევროპის სახალხო პარტიამ” წარადგინა.

იტვირთბა....