“თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა”, – ასეთი განცხადება გააკეთა მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ. რომელიც თავის მხრივ ბოლო ხმაზე ყვიროდა და პროკურორს მიმართავდა.
“პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს, ახლობლებს, დაგიჭერთო ყველასო… თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა”, – აცხადებდა ლანა პაპიძე.
შეგახსენებთ, ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ქმრის, ომარ ქაფიაშვილის ახლობლები ტაშით შეხვდნენ. დარეჯან მინდიკაურმა კი ბრალდებულს დარბაზიდან გასვლის წინ მკვლელი უწოდა. მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს ჩანიშნა. მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.