„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აწერენ. პეტიციაში ნათქვამია:
“ქართველი საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტმა რეჟიმმა განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში, სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ძალადობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს!
სულხან მოლაშვილის გამოსვენება შედგება 5 ივლისს 15.00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან”,-ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ავთანდილ არაბული აკადემიკოსი
თემურ ნანეიშვილი აკადემიკოსი
ალქსანდრე ხარატიშვილი აკადემიკოსი
თამაზ ჯოლოგუა პროფესორი
გოგი ანთელავა პროფესორი
ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი
ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენი
შოთა გლურჯიძე მხატვარი
კოტე ჯანდიერი მწერალი
ბიძინა გეგიძე საზოგადო მოღვაწე
ბასა ფოცხიშვილი რეჟისორი
ნანა შონია მსახიობი
გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მომღერალი
გელა დოლიძე ფიზიკოსი
გიგა ბათიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობი
თემურ გოცაძე საქართველოს სახალხო მხატვარი
მარინა ჯანაშია საქართველოს სახალხო არტისტი
გოგი პაპინაშვილი მსახიობი
ნუგზარ ბაგრატიონი რეჟისორი
ზურაბ ყიფშიძე მსახიობი
ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი
გელა ნიკოლაიშვილი იურსტი
გია ტაბლიაშვილი იურისტი
პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.“
„მეტრონომს“ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პეტიციის შესახებ დეტალურად ესაუბრა.
„მეტრონომი“: ქალბატონო ნანა, რას გულისხმობს კონკრეტულად პეტიცია და რა მოლოდინი გაქვთ?
ნანა კაკაბაძე: გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ საზოგადოების პოზიცია, იმ პოლიტიკასთან, ანუ დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით.
ხალხის მოთხოვნაა დაისაჯონ დამნაშავეები. ხელისუფლებამ არჩევნების წინ მაინც უნდა გააკეთოს ამისი ანალიზი. პეტიცია ამის დემონსტრირებაა, თორემ დამნაშავეების დასჯით, რომ სულხან მოლაშვილს ვერ გავაცოცხლებთ, ეს, რა თქმა უნდა, ვიცით.
უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ სულხანის წამებაში. ვინც დაუკვეთა, ვინც შემქნა ეს სისტემა, სადაც შესაძლებელი იყო ადამიანების წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა… ეს კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ფორმა.
სულხან მოლაშვილის მწამებლების დასჯა საზოგადოების დაკვეთაა და დავინახავთ ხელისუფლება რამდენად შეძლებს ადეკვატური იყოს საზოგადოების მოთხოვნის მიმართ.
„მეტრონომი“: სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მასთან ციხეში შევიდა გიგა ბოკერია, ზურა ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვლი, რომლებმაც ის აწამეს… რამდენად შესაძლებელია ამ მაღალჩინოსნების გვარები პირდაპირ, ან ირიბად საქმესთან იყოს კავშირში?
ნანა კაკაბაძე: პირველი ადამიანი ვიყავი ვინც სულხანი ცხელ კვალზე შეხვდა და პირველი ვიყავი, ვისთანაც მან ამაზე გახსნილად ისაუბრა. შემდეგ უკვე ხან ამბობდა, ხან არ ამბობდა.. სამწუხაროდ, სულხან მოლაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ ამ საქმეზე დაკითხული არ არის.
მე ვკითხე, როგორ იცნო გიგა ბოკერია მან. ხმით ვიცანიო, მითხრა. ბოკერიამ ამოიღო ხმაო და მაშინვე, პირველივე სიტყვებზე ვიცანიო.
– საკმაოდ დიდი დროა გასული. შესაძლებელია თუნდაც დასახელებული გვარების მიმართ გამოძიება დაიწყოს და ბრალდება ფაქტებით დამტკიცდეს?
– თუ იურიდიული თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, რა დროც გადის, მით უფრო რთულდება გამოძიება. მაგრამ, ჩვენ, როცა ამ პეტიციის და ხელმოწერების შედგენა გადავწყვიტეთ, აქცენტს ვაკეთებდით იმაზე, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნება გაგვეღვიძებინა.
პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, თუნდაც შედარებით რთულად, მაგრამ საქმის გახსნა შესაძლებელია. ის, რომ მათ საქმე გაირთულეს, ეს ხელისუფლების პრობლემაა. მაგრამ ის, რომ მათ საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულონ, ეს მათი მოვალეობაა. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საზოგადოების დაკვეთაა დასაჯონ მწამებლები, რომლებმაც შექმნეს ეს სისტემა.
– ე.ი. პეტიცია გულისხმობს, რომ ბოკერიას, ადეიშვილის და გრიგალაშვილის დასჯას ითხოვთ?
– განურჩევლად ყველას დასჯას, ვინც სულხანის წამების მონაწილე იყო პოლიტიკურად გვერდში დგომით, ფიზიკური შესრულებით თუ იმ სისტემის შექმნით.
მანა ნოდია