ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ექსკლუზივი: რა მეთოდით მტკიცდება ბოკერიასა და ადეიშვილის მოლაშვილთან ციხეში შესვლის ფაქტი

ადვოკატი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება ადვილია

სიგარეტით დამწვარი ზურგი, სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევა და სისხლნაჟღენთი… კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი სულხან მოლაშვილის ეს შემზარავი ფოტოები საზოგადოებამ 2004 წელს იხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა…

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, იმ დროინდელი სასამართლოს მიერ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით, თავისუფლების 9 წლით აღკვეთამისჯილი  სულხან მოლაშვილი, ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ალაპარაკდა. მისი ინფორმაციით, 2004 წლის 23 აპრილის, ღამეს, სამმა ან ოთხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ის საკანში აწამა. სულხან მოლაშვილმა ამ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა.

downloadmolashvili1molashvili_cameba_

ევროპულმა სასამართლომ გამოძიების შედეგად წამების და ღირსების შელახვის ფაქტები დაადასტურა და ხელისუფლებას გამოძიება დაავალა. თითქოს გამოძიებაც დაიწყო, თუმცა… ფორმალურად.

შემდეგი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით 2014 წელს გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. საქართველოს მთავრობას  სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა. სულხან მოლაშვილი კი მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე, 2008 წელს გაათავისუფლეს.

ციხიდან გამოსული სულხან მოლაშვილი შერყეული ჯანმრთელობით საფრანგეთში გაემგზავრა. “მეცხრე არხის” ეთერში საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს მან განაცხადა, რომ დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი მას წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით. მოლაშვილმა ასევე ვალერი გრიგალაშვილი დაასახელა:

“როდესაც დაჭერები დაიწყო, მე არ გავქცეულვარ, სამართალდაცვის ორგანოებში მივედი და პირველივე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, ვალერი გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს. როდესაც ვეკითხებოდი, რომელი საქმის გახსნა სურდათ, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი წინადადება დამეწერა, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა.. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს”, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

„მეცხრე არხის“ ეთერში მან  პატიმრობის პერიოდში მის საკანში ევროსაბჭოს დამკვირვებლების ვიზიტიც გაიხსენა: “ევროსაბჭოს დამკვირვებლები, რომლებიც შსს-ს სარდაფში ჩემი წამების ფაქტზე შემოვიდნენ, ერთ-ერთი, ვინც მათიას იორშს ახლდა, იყო კირილოვი. როდესაც მან ნახა, რა პირობებში ვიყავი, გულწასული გაიყვანეს. ეს დაიწერა რეზოლუციებში და როგორ შეიძლებოდა ეს სააკაშვილს არ სცოდნოდა?!”, – განაცხადა აწ განსვენებულმა კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მისი განცხადებების და ევროპული სასამართლოს დასკვნის საფუძველზე, საქმეზე გამოძიება კვლავ დაიწყო, თუმცა სულხან მოლაშვილი მის დასრულებამდე, 2016 წლის  29 ივნისს, პარიზის  საავადმყოფოში, 47 წლის ასაკში, ღვიძლის უკმარისობით  გარდაიცვალა…

სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც  ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები:

„ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს!“ – ნათქვამია პეტიციაში.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერია, „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მაინც უნდა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და სულხან მოლაშვილის წამებისთვის დამნაშავეები დასაჯოს:

„პეტიციით გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ საზოგადოების პოზიცია. ხალხის მოთხოვნაა დაისაჯონ დამნაშავეები. ხელისუფლებამ არჩევნების წინ მაინც უნდა გააკეთოს ამისი ანალიზი.

„მეტრონომი“: საქმეში ფიგურირებს მაღალჩინოსნების გვარები. სულხან მოლაშვილმა დასახელა გიგა ბოკერია, ზურა ადეიშვილი, ვალერი გრიგალაშვლი… რამდენად შეიძლება მართლა იყოს ამგვარი მაღალჩინოსნების გვარები საქმესთან პირდაპირ ან ირიბად კავშირში?

ნანა კაკაბაძე: „პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც სულხანს ცხელ კვალზე შეხვდა და პირველი ვიყავი, ვისთანაც მან ამაზე გახსნილად ისაუბრა.

მე ვკითხე, როგორ იცნო გიგა ბოკერია. ხმით ვიცანიო, მითხრა. რამდენჯერმე ამოიღო ხმაო და მაშინვე, პირველივე სიტყვებზე ვიცანიო.“ – აცხადებს ნანა კაკაბაძე „მეტრონომთან“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე, პროკურატურის მხრიდან საქმის ბოლომდე მიყვანას ელის.  „მეტრონომთან“ საუბარში ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვის აუცილებლობაზე მიუთითებს:

„პირველ რიგში ჩემი ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გარდაცვალების გამო. ის არის რეჟიმის მსხვერპლი და ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სულხან მოლაშვილის წამებაში, იდენტიფიცირებული უნდა იყოს.

„მეტრონომი“: ხელისუფლების მხრიდან თუ არსებობს მზაობა ამასთან დაკავშირებით?

ელისო ჩაფიძე: ეს ჩემი კერძო მოსაზრებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მოვუწოდოთ. პროკურატურა მტკიცებულებებიდან გამომდინარე თვითონ წყვეტს რა საკითხთან დაკავშირებით აღძრავს საქმეს და დაიწყებს გამოძიებას. მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი.

„მეტრონომი“: რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ყოფილი მაღალჩინოსნების, ბოკერიას, ადეიშვილის, გრიგალაშვილის წინააღმეგ საქმის აღძვრა? მათი გვარები ფიგურირებს ამ საქმეში…

– ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკითხულები და, რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობაში უნდა იყოს ეს საკითხები გაანალიზებული.

– შეიძლება ამ საქმის გააქტიურება ვინმემ წინასაარჩევნო, პოლიტიკურ ჭრილში დაინახოს?

– არ მგონია. ეს ტრაგიკული, სამწუხარო მოვლენა მოხდა სწორედ ამ პერიოდიში. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის დიდი აღშფოთება, რაც საზოგადოებაში გაჩნდა.“ – ამბობს ელისო ჩაფიძე „მეტრონომთან“.

სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ამჟამად მოძრაობა “ივერიას” წარმომადგენლის ნიკა რურუას  განცხადება, სადაც ის სულხან მოლაშვილზე ამბობს, რომ პოლიტპატიმარი არ ყოფილა. მისი განმარტებით, კონტროლის პალატის ყოფილი შეფის წამების ამბავთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება: “ის არ ყოფილა პოლიტიკოსი და ვერ იქნებოდა პოლიტპატიმარი. როგორც ვიცი, ის ქრთამზე იყო დაკავებული და ამაზე დიდი პიარ-კამპანია აგორდა. კადრები არ მინახავს მისი წამების და დარწმუნებული ვარ, რომ ნაწამები არ იყო, ასეთ მითოლოგიას ნუ იჯერებთ”, – აღნიშნა ნიკა რურუამ.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მითითებული ჰქონდა პრესკონფერენციის თარიღი, სხვადასხვა სააგენტოებმა ნიკა რურუას ეს კომენტარი გააშუქეს, როგორც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ ნათქვამი.

„მეტრონომი“ ნიკა რურუას სულხან მოლაშვილის საქმეზე კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა ის  პირდაპირ ზემოთნახსენები განცხადების თემას შეეხო:

„მეტრონომი“: ბატონო ნიკა, სულხან მოლაშვილის შესახებ ვამზადებთ მასალას, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თუ შეიძლება..

ნიკა რურუა: ქალბატონო, ძალიან საშინლად დაამახინჯეს ეს ინფორმაცია, ჩემი ძველი, მის სიკვდილამდე ერთი წლის წინ ნათქვამი მიაბეს მის სიკვდილს. კაცი რომ გარდაიცვალა, როგორ შეიძლება მსგავსი რამე მეთქვა? ეს არის უსინდისო ტყუილი, პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული. აბსოლუტურად მიბმული და დამახინჯებული.

– ე.ი. ბატონო ნიკა, მიიჩნევთ, რომ სულხან მოლაშვილი წამების მსხვერპლი იყო?

– ჩემ სიტყვებს თუ ნახავთ, იქ ვამბობ, რომ ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ. ასე რომ, კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს არის ჩემი სიტყვები და პოზიცია. უსინდისოდ მიაბეს მის სიკვდილს ჩემი ერთი წლის წინანდელი ნათქვამი. ადამიანი გარდაიცვალა და თითქოს არ შემცოდებია. რა თქმა უნდა, ასე არ არის.

– სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების, ბოკერიას, ადეიშვილის და გრიგალაშვილის გვარები ჟღერდება…

– „აი, ამისი აბსოლუტურად არ მჯერა დღესაც, რომ … გამეორებაც არ მინდა… რომ ვიღაც ესწრებოდა მის წამებას და ხმაზე იცნო. ეს მგონია სიცრუე. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი გარდაიცვალა, ძალიან ცოდოა, ახალგაზრდა კაცი იყო. ნამდვილად გული შემტკივა, რომ ეს ფაქტი საერთოდ მოხდა -მისი დაპატიმრებიდან დაწყებული, სიკვდილით დამთავრებული. მაგრამ ამ ფაქტების დამახინჯება და მისი ერთმანეთზე მიბმა არის ნაძირლობა, არაეთიკური, უსინდისობა, არაადამინაური საქციელი, რაც გააკეთეს რომელიღაც გაზეთებმა ამ ბოლო ხანებში“.

სულხან მოლაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქმესთან უშუალო კავშირში მყოფი პირების დადგენა რთული არ არის:

„სულხან მოლაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიხატა ორი სახით: მისი არაადამიანურ პირობებში მოთავსება (და ეს საკითხი თავის დროზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ იყო შესწავლილი. ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით გამოძიებაც დაავალა) და  უშუალო წამება, რომელიც  2004 წლის აპრილში, სულხან მოლაშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა მის მიმართ.

მას თვალები აუხვიეს, შეაერთეს ელექტროდენზე და სიგარეტი ზურგზე დააწვეს. ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდა და გამოძიებამ  ეს ფაქტი დაადასტურა. რაც შეეხება გვარებს, იმიტომ, რომ სულხან მოლაშვილი ვერ ხედავდა, მას შეეძლო ევარაუდა. შესაბამისად, ეს არის ვარაუდი. თუმცა, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა, რთული დასადგენი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ გასარკვევია ვინ მორიგეობდა იმ დროს.“

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიება, მისი გარდაცვალების მიუხედავად, არ შეწყდება.

დასასრულს კი, გთავაზობთ თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის,  ვალერი გრიგალაშვილის  განცხადებას, რომელიც მან სააგენტო „პირველს“ 2013 წლის 24 დეკემბერს მიაწოდა, სადაც სულხან მოლაშვილის საქმეზე საუბრობს. დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია:

„2004 წლის ივნისის თვეში გენერალურ პროკურორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი. ამ პერიოდში ქალაქის პროკურატურას უკვე დაპატიმრებული ჰყავდა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი და საქმეზე მიმდინარეობდა საფინანსო-დოკუმენტური რევიზია.

ადეიშვილმა სხვა საქმეებთან ერთად მოისმინა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის საქმე და გასცა ზეპირი განკარგულება, რომ კონტროლის პალატაში, როგორც მისი აზრით, ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურაში, სამაგალითოდ, მოგვეხდინა ყველა ხელმძღვანელი მუშაკის დაპატიმრება. ბრძანება იყო აშკარად უკანონო, ვინაიდან ადამიანის დაპატიმრება შეიძლება კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო და არა ასე ბითუმად, ვიღაცის, თუნდაც უმაღლესი საპროცესო ხელმძღვანელის ბრძანებით.

ადეიშვილს მოვახსენე, რომ პირადად ვნახე და ვესაუბრე კონტროლის პალატის თითქმის ყველა ხელმძღვანელ პირს, ასევე რევიზორებს. კონტროლის პალატის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი და რევიზორი თანახმა იყო მოეცათ წერილობითი ჩვენებები მათი ხელმძღვანელის კორუფციული საქმიანობის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი მიუთითებდნენ იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს, საიდანაც ათეულ და ზოგიერთ შემთხვევაში ასეულ ათასობით დოლარი მიედინებოდა კონტროლის პალატაში. ადეიშვილს ასევე მოვახსენე, რომ თუ სურდა, კონტროლის პალატის ხელმძღვანელი პირისათვის წაგვეყენებინა ის ბრალდება, რასაც ის იმსახურებდა, არ შეიძლებოდა მისი (ადეიშვილის) ბრძანების შესრულება.

ამ საკითხზე მე და ადეიშვილი ვერ შევთანხმდით. ყოველ შეხვედრაზე ის მოითხოვდა მისთვის დამეჯერებინა. ამ ფაქტიდან ორი თვის შემდეგ გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგ ერთად დაკავეს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი მუშაკები. შედეგი კი ის გახლდათ, რომ არცერთმა კონტროლის პალატის მუშაკმა გამოძიებას აღარ მისცა ჩვენება მოლაშვილის წინააღმდეგ. ვერ ამხილეს მოლაშვილი კორუფციულ დანაშაულში და დარჩა მოლაშვილს ძველი ბრალდება, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ჰქვია. კონტროლის პალატის ყოფილი აპარატის უფროსი გაგა ხვედელიძე თავის ინტერვიუში კი აცხადებს „ტყუილს არ ვიკადრებო“ და მე მაბრალებს თავის დაპატიმრებას. ვფიქრობ, უზნეობაა მისი საქციელი.

სულხან მოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა 2004 წლის აპრილის დასაწყისში. იმ პერიოდში მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გადაწყდა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხის, ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ცარიელ ბიუჯეტში გადახდის შემდგომ, მას შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება. დეტალებში მოსალაპარაკებლად გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად ვიმყოფებოდი მე-7 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ჩვენ შორის მოლაპარაკება შედგა. ვისარგებლე შემთხვევით და სულხან მოლაშვილს შევეკითხე: სულხან, თქვენ სავარაუდოდ, ხვალ გადიხართ, რომ ამბობთ “კაპეზეში” ყოფნისას გაწამეს, ეს ხომ აშკარად ტყუილია. ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ არავის არ უწამებიხართ. უფრო მეტიც, ორი პოლიციის პოლკოვნიკი, თქვენი ძმა და თქვენი ოჯახის ახლობელი – მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსი პაატა ჟღენტი ერთი წუთით არ მოგცილებიან. მათ მთელი ღამე თქვენთან ერთად გაატარეს. “კაპეზეში” სულ 3-4 საათი იყავი, იქაც შემოგყვნენ ეს ორი პოლიციის პოლკოვნიკი.

კარგად, რომ გეგრძნო თავი პაატა ჟღენტმა თავისი მძღოლი გააგზავნა სახლში და მოგიტანა ყველაზე საუკეთესო ბალიში და მატრასი. ამ „კაპეზეს“ ისტორიაში თქვენზე კარგად არავის არ მოქცევიან და რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რატომ იტყუებით? გთხოვ, კაცურად მითხარი სიმართლე და თუ ციხეში ვინმემ შენზე აღმართა ხელი, პირობას გაძლევ ის დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. სულხან მოლაშვილმა გაიცინა და მიპასუხა, “მე იურისტი ვარ, რევოლუციის შემდგომ მე ვიცოდი, რომ აუცილებლად დამიჭერდით, დავწერე განცხადება გადადგომაზე და ველოდებოდი დაპატიმრებას, გავშიფრე ყველა მანქანა, რომელიც ჩუმად დამყვებოდა. მივხვდი, რომ კონტროლდებოდა ყველა ჩემი გადაადგილება. თქვენ ელოდებოდით ახალი პარლამენტის შეკრებას, რომელიც ჩემ განცხადებას დააკმაყოფილებდა და მომიხსნიდა კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის განკუთვნილ იმუნიტეტს. მრავალი შანსი მქონდა, რომ ქვეყნიდან გავქცეულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

საკმაოდ დიდი დრო მქონდა პარლამენტის შეკრებამდე. ამ პერიოდში თერმულ დამწვრობაზე წავიკითხე მრავალი ლიტერატურა, ველაპარაკე ექსპერტებს და გავარკვიე, რომ თერმული დამწვრობიდან თუ გავიდა ერთი თვე, ექსპერტი კი არა ეშმაკი ვეღარ გაიგებს რისგან შეიძლებოდა მისი მიღება. გავიდა ერთი თვე და საქვეყნოდ ვყვირი მაწამესო. აბა, თუ კარგი ბიჭები ხართ დამიმტკიცეთ, რომ არავის ვუწამებივარ. ვის უფრო დაუჯერებს საერთაშორისო საზოგადოება. ადრე პრეზიდენტზე ვთქვი, თითქოს მან მომაყენა დაზიანება, მაგრამ ხალხმა არ დაიჯერა. ხვალ რომ მიშვებ ამიტომ დიდ შარს გადარჩი, თორემ შენზე ვაპირებდი დაბრალებასო. მე დაგაბრალებდი და მერე აღარ ექნებოდა მნიშვნელობა თავს როგორ გაიმართლებდი”.

ეს რომ მითხრა, გაოცებულმა შევხედე სახეზე. მეც ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ ისე გაბოროტებული, ეშმაკისეული თვალები ჰქონდა, რომ მისთვის არაფერი მითქვამს. ის, რომ არ მოხერხდა მეორე დღეს მოლაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, ჩემი ან პროკურატურის ბრალი არ იყო. მოლაპარაკების პირობები მისმა ოჯახობამ დაარღვია და ტყუილად იშვერს ჩემსკენ ხელს. ამ საკითხის სხვა დეტალებზე აღარ შევჩერდები.

სულხან მოლაშვილმა თავისი ბოროტი ჩანაფიქრი მაინც განახორციელა. 2012 წლის 28 სექტემბერს მე-9 არხის ეთერში საფრანგეთიდან ჩაერთო და განაცხადა, თითქოს მას რომ აწამებდნენ, თვალები ჰქონდა ახვეული, მაგრამ ადეიშვილის, ბოკერიას და ჩემი ხმა იცნო. თითქოს ჩვენ ერთად ვიდექით და ვსაუბრობდით. 2004 წლის აპრილში კი არა, პირადად ბოკერიას დღემდე არ ვიცნობ, ხოლო ადეიშვილი გავიცანი მაშინ, როცა გენპროკურორად დაინიშნა 2004 წლის ივნისში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ზოგიერთი ადამიანი, ვინც მოლაშვილის ეს სისულელე დაიჯერა ან ვითომ დაიჯერეს.

2013 წლის 23 ნოემბრის ინტერვიუში მოლაშვილმა განაცხადა თითქოს მის წამებაში უშუალოდ ბოკერიასთან ერთად ვმონაწილეობდი. მან შეასრულა დანაპირები, იმ განზრახვით, რომ ხალხმა თუ დაიჯერა მისი წამების ფაქტი, დაიჯერებს სხვა სისულელესაც. მოლაშვილის წამების ფაქტზე აღძრულ საქმით დადასტურდა, რომ იმ გარემოებებში არ მომხდარა მისთვის დაზიანების მიყენება როგორც ის აღწერს, მაგრამ როგორ მიიყენა ამ მატყუარა კაცმა დაზიანება გამოძიებამ ვერ დაადგინა.

მე ჩემი პროკურატურაში მუშაობის 22 წლის მანძილზე, ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობის, ობიექტურობისა და დაზარალებულის უფლებების დასაცავად, მოლაშვილმა რაც არ უნდა სისულელეები მოიგონოს მთავარია, აღარ დაბრუნდეს მისი ბინძური ეპოქა”, – ნათქვამია ვალერი გრიგალაშვილის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. მითუმეტეს, არ შეიძლება არ გაგიჩნდეს გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის იმდროინდელი მთავარი პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, „დღემდე არ იცნობს“ ადამიანს, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ამ უწყების რეალური მმართველი იყო.

და მთავარი, არ შეიძლება არ დაეთანხმო ადვოკატ სოსო ბარათაშვილს, რომელიც „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თუ გამოძიება მართლაც დაინტერესდება ამ საქმის გამოძიებით, საკმაოდ ადვილია უშუალო შემსრულებლების დადგენა. თუნდაც იმ საღამოს, ციხეში, თუკი მართლაც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები იმყოფებოდნენ, იოლია პირების პოვნა და დაკითხვა, რომლებიც საპყრობილეს იმ საბედისწერო ღამით მორიგეობდნენ.

 

მანა ნოდია

იტვირთბა....