ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ “მეტრონომს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. “პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ “ვითანამშრომლებდი” ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის “ნაშოვნი ფულის” ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ”. – თქვა მერაბიშვილმა.
„მეტრონომმა“ ვრცელი სტატია ამ თემაზე გუშინ გამოაქვეყნა.