აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილ უფროს მრჩეველს, 64 წლის ჯონ ჰაროლდ როჯერსს 3 წლით პატიმრობა შეეფარდა. როგორც ირკვევა, მან ჩინეთის სპეცსამსახურებთან კავშირის საკითხზე ჩატარებული გამოძიების დროს პროკურორებს სიმართლე დაუმალა და ისინი შეცდომაში განზრახ შეიყვანა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიჩნია, რომ როჯერსი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და გამოძიებას სიმართლე დაუმალა.
საყურადღებოა, რომ როჯერსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ჩინეთის სასარგებლოდ მოქმედების კუთხითაც მიმდინარებოდა, თუმცა ამ მხრივ ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს. საბოლოოდ, მოსამართლე დაბნი ფრიდრიხმა როჯერსს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 12 თვით მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა განუსაზღვრა.
მსჯავრდებული როჯერსი აშშ-ის ფედერალური რეზერვის საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში 2010 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ის მრჩევლის სტატუსით მონეტარული პოლიტიკისა და ღია ბაზრის კომიტეტის სხდომების საიდუმლო მასალებს ეცნობოდა. ბრალდების მტკიცებით, ის მონაცემებს დაზვერვის ჩინელ აგენტს, ჰუმინ ლის 2017 წლიდან აწვდიდა. როჯერსი მას საიდუმლო ინფორმაციას ჩინეთის სასტუმროებში გამართული შეხვედრების დროს უზიარებდა, მთელ ამ პროცესს კი უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებით ნიღბავდა.
გამომძიებლების ინფორმაციით, ჩინეთში ერთ-ერთ გამგზავრებამდე მან საიდუმლო დოკუმენტები ამობეჭდა კიდეც. კლასიფიკაციის ნიშნების მოშორების შემდეგ კი ეს ფაილები საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნა. ყოფილი მრჩეველი ინფორმაციას ფუდანის უნივერსიტეტის პროფესორსაც უზიარებდა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი ჩინური მხარისგან ფინანსურ სარგებელსა და საპატიო აკადემიურ თანამდებობებს იღებდა.
მოგვიანებით პროკურატურა მისი საქმიანობით დაინტერესდა და 2020 წლის თებერვალში გამოკითხა კიდეც. სწორედ ამ დროს უარყო როჯერსმა მასალების გადაცემა და გამოძიებას რეალური მტკიცებულებებიც დაუმალა.

