უნდა დადგეს თუ არა პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხიმგებლობის საკითხი, რადგან ამ უწყებებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის იმ ეპიზოდზე, რომელსაც ევროპის სასამართლო, თავის დასკვნაში საკმაოდ მკაცრად ეხმაურება. ამ ყველაფერს კი ქვეყნის იმიჯს და მის შელახვას უკავშირებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე რიგი პოლიტიკოსები. “ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში, იმიტომ, რომ 18-ე მუხლი, როგორც არ უნდა თავი მოგვაჩვენონ, საკმაოდ სერიოზული დარტყმაა თვითონ ქართულ სახელმწიფოსა და დღევანდელ ხელისუფლებაზე” – აცხადებს „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, შოთაძე ვალდებული იყო, დავალება მიეცა პროკურორისთვის და დაეწყო გამოძიება.
“სამართლიანი არჩევნების” იურისტი გიორგი ნონიაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ხელისუფლების პირველი პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს. მისი თქმით, პასუხი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა აგონ.
“პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.” – ეს განცხადება ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წელს გააკეთა. მისი თქმით, მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ემუქრებოდა, რათა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
2013 წელს სასამართლოზე გაკეთებული ეს განცხადება 2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს “მერაბიშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა.
სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.
სტრასბურგის სასამართლომ 14 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ქართულმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი და მე-18 მუხლი პირველთან მიმართებით. დარღვევის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ფარცხალაძის პროკურორობის პერიოდს ეხება.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასმართლომ მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი დაირღვა, რომელიც თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას ეხება.
“სასამართლო ადგენს, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა არამხოლოდ იმისთვის, რომ იგი სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარმდგარიყო გონივრული ეჭვის საფუძველზე უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, არამედ, ამავდროულად პროკურატურამ იგი დამატებით შესაძლებლობად გამოიყენა, რომ წვდომა მოეპოვებინა ყოფილი პრემიერის სიკვდილთან დაკავშირებით საქმესთან კავშირის არმქონე გამოძიებაზე”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი გია გვილავა “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტილი გავლენა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხმა იქონია.
“სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიმართ პირველად გამოიყენეს დასაბუთებული იყო, თუმცა მერე, უკვე ოთხი თვის შემდეგ როდესაც ვანო მერაბიშვილმა თხოვნით მიმართა გადაეხედათ მისი წინასწარი პატიმრობისთვის, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ განიხილა და წორედ აქ მოხდა კანონდარღვევა. მეორე, უკვე გაყვანის საკითხია, რაც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სწორედ აქ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ პროკურატურა ამ დაკავებას სხვა მიზნებისთვისაც იყენებდაო”.
გვილავა მიჩნევს, რომ ამ საკითხზე პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ამ უწყებებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს.
“ჩვენმა ორგანიზაციამ სხვა არასამთავრო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ საჯაროდ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მომხდარიყო. სათანადო რეაგირება იყო საჭირო. ის რაც რეალურად გაკეთდა, შიდა მოკვლევის ჩატარება აბსოლუტურად არაეფექტური იყო და ზუსტად ამ არაეფექტურობის გამო დაირღვა მე-18 მუხლი. აღსანიშნავია ის, ფაქტიც, რომ ვიდეოჩანაწერი რატომღაც გაქრა. ჩვენ ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ვითხოვდით. ვფიქრობთ, ამ საკითხზე ცალსახად პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს ორი უწყებაა პირველ რიგში პასუხიმგებელი იმაზე, რომ ეს ფაქტი პრობლემურად დადგინდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს შეეძლო ვიდეოჩანაწრი გაესაჯაროებინა, ხოლო პროკურატურა ვალდებული იყო სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინ ამ საქმეზე”. – აცხადებს გვილავა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მასალები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, საჭიროა საგამოძიებო ორგანოებმა ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიება ჩაატარონ და შედეგები სტრასბურგის სასამართლოს აცნობონ, თუმცა, მისი თქმით, მთავარი სასამართლოს დადგენილებაში სხვა რამ არის:
„კონვენციის 5.1 მუხლი, რაც ნიშნავს პატიმრობის გამოყენების კანონიერებას, ევროპული სასამართლოს დადგენილებით არ დარღვეულა და თქვა, რომ მერაბიშვილს პატიმრობა კანონიერად შეეფარდა“. – ამბობს ბესელია.
ბესელიასგან განსხვავებით, გვილავას პოსტფაქტუმ ჩატარებულ გამოძიების სანდოობაში ეჭვი შეაქვს.
“პოსტფაქტუმ გამოძიების ჩატარება აკრძალული ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან საეჭვოა, როცა ამ უკანონო გამოძიების გამო გადაწყვეტილებას იღებს სტრასბურგის სასამართლო და შემდგომ იწყებ ახალ გამოძიებას და თან აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ალბათ დაადგენს, რომ ასეთი რამ, მერაბიშვილის გაყვანა არ მომხდარა. ბუნებრივია, მსგავს პირობებში ჩატარებული გამოძიების სანდოობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება. მაშინვე რომ მომხდარიყო გამოძიება ეს იქნებოდა მყისიერი რეაგირება და ახლა რაც ჩატარდება ევროსასამართლოს საპასუხოდ ჩატარებული გამოძიება იქნება მხოლოდ. ეს იქნება ხელისუფლების სასარგებლოდ მტკიცებულებების შექმნის მცდელობა, რადგან შემდგომ როცა გასაჩივრდება ეს საქმე მათ პროკურატურიდან ფორმალური დასკვნა ექნებათ, რომ მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი არ მომხდარა. მგონია, რომ როდესაც ეს საქმე მინისტრათა კომიტეტში გავა, არანაირ შედეგი არ ექნება იმას, რომ პროკურატურას პოსტფაქტუმ აქვს გამოძიებული საქმე, პირიქით, ამას დამაჯერებლობა იმდენად აკლია, რომ ეს საქმეში გათვალისწინებული სავარაუდოდ არ იქნება”. – აცხადებს გვილავა.
“ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფირცხალაძის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევა ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის იმიჯს აზიანებს.
“ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში, იმიტომ, რომ 18-ე მუხლი, როგორც არ უნდა თავი მოგვაჩვენონ, საკმაოდ სერიოზული დარტყმაა თვითონ ქართულ სახელმწიფოსა და დღევანდელ ხელისუფლებაზე. თუ ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, მინდა, გითხრათ, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ამას. თუ ტვინი აქვს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ფარცხალაძესა და დარბაისელთან მიმართებით. შოთაძე ვალდებული იყო, დავალება მიეცა პროკურორისთვის და დაეწყო გამოძიება. თუ ვალდებულებით ნორმას ვინმე არღვევს, ამას მოსდევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების მინიმუმ გადამეტება. ვინც ვალდებული იყო, რომ გამოძიება ეწარმოებინა ამ საქმეზე და არ აწარმოა, ის, სავარაუდოდ, დაისჯება”,- ამბობს ხატიაშვილი.
თავად ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ მისი დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს.
“არა, ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ. ერთადერთი, თუ დაიწყო გამოძიება არ ვიცი, ეგეც ტელევიზიით მოვისმინე. თუ დაიწყო გამოძიება, ვითანამშრომლებ ყველანაირად. გამოძიება, იმედია, მივა ბოლომდე, შესაბამისად როგორც დაიწყება, ისე შეწყდება საქმე”. – აცხადებს ფარცხალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე მისი ხელშეუხებლობა ყოფილ პრემიერ ივანიშვილთან ახლობლობას ხომ არ უკავშირდებოდა ფარცხალაძე პასუხობს: “მომისმინე, ხელშეუხებლობა რა შუაშია, როდესაც არ მომხდარა ფაქტი, არ მინახია ეს ვანო მერაბიშვილი და არ შევხვედრილვარ, ხელშეუხებლობა მანდ რა შუაშია”.
“სახელმწიფო იძულებულია რაიმე რეაგირება მოახდინოს სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. წმინდა ფორმალური თვალსაზრისით ეს გამოძიება მოგვცემს იმას, რომ სახელმწიფომ რაიმე რეაგირება მოახდინა. თუ სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო და ცალკეული პროკურორები დაკითხა ეს მაინც სახელმწიფოს მხრიდან ჯოხის გადატეხვის მცდელობა იქნება, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო დაადანაშაულა ადამიანის უფლების დარღვევაში და არა კონკრეტული ინდივიდები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალკეული ადამიანების მიერ უფლების დარღვევის საკითხზე არ მსჯელობს. ამ შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება არა კონკრეტულ ინდივიდებს, არამედ სახელმწიფოს. ამ შემთხვავში სახელმწიფოა დამნაშავე და მას მოუწევს პასუხისგება. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლების პირველ პირებს. რომელიმე კონკრეტული გამომძიებელი ვერ იქნება პასუხიმგებელი ამ საქმეზე. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი, ასევე მართმსაჯულების საკითხების დაკავშირებით პირველი პირი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. ბუნებრივია აქ არ ვგულისხმობ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, მე ვგულისხმობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობა.” – აცხადებს „მეტრონომთან“ გიორგი ნონიაშვილი.
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მერაბიშვილის მაშინდელ განცხადებას ასე გამოეხმაურა: “მე ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული რიტორიკული შეკითხვა – რომ რა მოხდა მერე, ფარცხალაძემ რომ გაიტაცა მერაბიშვილი და გაიყვანა, გააუპატიურა თუ რა უქნა?” – ასეთი მცირე კომენტარით შემოიფარგლა მაშინ ღარიბაშვილი.
რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს გვილავაც და ნონიაშვილის სკეპტიკურად არიან განწყობილი წულუკიანის მიერ დააანონსებული გასაჩივრების საკითხისადმი. მეტიც, ნონიაშვილი იუსტიციის მინისტრის გასაჩივრების შესახებ გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატურსაც უწოდებს.
“ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტრო რეაბილიტაციის საშუალებას ეძებს, სწორედ ამას ემსახურებოდა წულუკიანის განცხადება. რამე ახალს იტყვის დიდი პალატა? ეს იყო ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილბა და არ მგონია დიდმა პალატამ რამე ახალი თქვას. ზოგადად არ მახსენდება პრეცედენტი, როცა სასამართლოს ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება დიდ პალატას შეეცვალა.” – ამბობს ნონიაშვილი.
ერთხელ და სამუდამოდ, ადეკვატურად ამოქმედდება თუ არ კანონი ქვეყანაში თანამდებობის პირების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების და ქმედებების გამო. ევროპის სასამართლოს დასკვნებისა თუ რეკომენდაციების იგნორირებით ზარალდება ქვეყანა, ამ ქვეყანას კი მართავს ხელისუფლება, რომლებიც იმ ადამიანებმა დაიქირავეს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ადარდებთ ქვეყნის იმიჯი, ვიდრე მათ, ვინც რბილ სავარძელს შეჩვეულები, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ გაიხანგრძლივონ პოლიტიკური ძალაუფლებისგან მიღებული სიამოვნება.