საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, სადაც დღეს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას ძალიან აფასებს.
შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.
“დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში სტუმრობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რამსფელდის ფონდსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტს, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისთვისა და წელს ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურეთ”- მიმართა პრემიერმა აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს.
შეხვედრა CAMCA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.