ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახი, მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდანაც გამოასახლა

13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდანაც გამოასახლა. წყნეთის ხევის ქუჩაზე გუბელაძეების ოჯახი კონტეინერში უკვე ერთი წელია ცხოვრობს.

ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ საკუთრებაში იყო, მერია კი ამ დრომდე კომპენსაციას არ უხდიდა. დღეს აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით გუბელაძეები გაასახლეს და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს, თუმცა მათ თხოვნას შედეგი არ მოყოლია.

„არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, ალბათ არც კითხულობდნენ. ახლა როცა იძულებული გავხდით ამ გზისთვის მიგვემართა, მოგვადგნენ და გვასახლებენ,“ – განაცხადა გუბელაძემ.

გასახლების პროცესს დღეს ზედამხედველობის სამსახურიც აკვირდებოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს აღებული აქვთ კომპენსაცია ზარალის შესაბამისად.

„18 აპრილს დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამასთან დაკავშირებით, განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მშენებლობის უნებართვო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ქალბატონი ბელა გუბელაძე.“- განმარტა თამაზ ჯაყუნაშვილმა.

„ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილი წესით მას გაუგზავნა გაფრთხილება. მას არ ეკუთვნის ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დატბორვის ზონაა და შესაბამისად, ცხოვრება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა, მან თვითნებურად მოიტანა და ჩადგა ის ვაგონი, როგორც ჩვენთვის ცნობილია. ამიტომ, ის დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....