ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პრემიერის გერმანული ვიზიტი დღეს სრულდება

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

საზეიმო მიღებაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერიც იყო მიწვეული, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

გერმანიის პირველი დიპლომატის განცხადებით, საქართველოსთან  ვიზალიბერალიზაციის პროცესი აუცილებლად განხორციელდება.

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში. მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთობების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ დღესასწაულს.” – განაცხადა შტაინმაიერმა.

შეხვედრაზე სიტყვით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა. პრემიერმა მხარდაჭერისთვის გერმანიას მადლობა გადაუხადა.

„გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საელჩო გახსნა თბილისში 1992 წლის აპრილში და ეს მისია შეასრულა გერმანიის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა, რომელმაც დახმარება გაუწია ახლადშობილ სახელმწიფოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში სახელმწიფოებრიობის გზაზე. მას შემდეგ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამისთვის. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ფუნდამენტურია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. გუშინ ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

იტვირთბა....