გადატვირთულმა მოძრაობამ და ავტომანქანების გამონაბოლქვმა, მშენებლობამ და ამასთან ერთად, მწვანე საფარის განადგურებამ ბოლო წლებში დედაქალაქის გარემო ძალიან დააბინძურა. ამის გამო მნიშვნელოვნადაა მომატებული ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა სიმსივნე, გულისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ნოზოლოგიები. ბოლო 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ავადმყოფობის ზრდის მაჩვენებელმა 200%-საც გადააჭარბა. სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ და მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
დაბინძურებული ჰაერი
მტვრის მაღალი მაჩვენებელი და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ჰაერის დაბინძურება – ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. ის, რაზეც გარემოსდამცველები წლებია საუბრობენ და რასაც თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე გრძნობს, სახელმწიფო უწყების მონიტორინგმაც დაადასტურა.
ორიოდე თვის წინ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის ხარისხის გაზომვითი სამუშაოები ჩაატარა. შემოწმება როგორც ერთჯერადი ინდიკატორული, ასევე ჰაერის ფონური, ანუ ავტომატიზებული და ე.წ. ჯიხურული სადგურების მეშვეობითაც ხდება, რაც ჰაერის ხარისხის კონტროლს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.
“ჰაერის ინდიკატორული შედეგების მიხედვით, თბილისში მთელი რიგი ქუჩებია, სადაც ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი გამოვლინდა. კრიტიკული მაჩვენებელი ქალაქში არ გვაქვს. ძირითადად არის მტვრის გადაჭარბება, რაც რამდენიმეჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
ეს შედეგები არ ნიშნავს, რომ ქალაქში უფრო დაბინძურებული ადგილები არ არსებობს. ამ შედეგების მიხედვით, ზოგადად, ჰაერის ხარისხის შეფასება მიზანშეწონილი არ არის. ეს არის ძირითადი საბაზისო ინფორმაცია შემდგომი სიღრმისეული კვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესაქმნელად”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ.
ჰაერის დაბინძურების კუთხით საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, სადაც მტვრის მაქისმალური კონცენტრაცია 1,8-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ზესტაფონში – 4,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, რუსთავში – 1,7-ჯერ, ხოლო ქუთაისში – 4,2-ჯერ.
ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ავადობის – 17%, ხოლო სიკვდილიანობის – 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის, ასევე აზოტის ჟანგეულები, გოგორდის ორჟანგი, ჭვარტლი, ბენზოპირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას არა მარტო ჰაერის დაბინძურებაზე ახდენს, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა.
ბოლო 12 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემების, სასუნთქი გზების დაავადებები და სიმსივნეების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2014 წელს (შარშანდელ მონაცემს სტატისტიკის სამსახური ივლისში გამოაქვეყნებს), 2002 წელთან შედარებით, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა 255%-ით გაიზარდა, თუ 2002 წელს სიმსივნით სულ 7,1 ათასი ადამიანი იყო დაავადებული, 2014-ში ამ რიცხვმა 25,2 ათასამდე მოიმატა.
სასუნთქი ორგანოებით დაავადებულთა რაოდენობა 222,2%-ით არის გაზრდილი. 2002 წელს ამ ნოზოლოგიით დაავადებული იყო 188,2 ათასი ადამიანი, 2014-ში კი – 606,4 ათასი. სისხლისა და სისხლბადი ორგანოების ავადობა 140,2%-ით, ანუ 7,7 ათასიდან 18,5 ათასამდეა მომატებული, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადობა კი – 191,3%-ით, შესაბამისად, 56,8 ათასიდან 165,5 ათასამდეა გაზრდილი.
ქალაქი უნდა გაიწმინდოს!
არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 72% ავტომობილებზე მოდის. იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს, საჭიროა მანქანებზე ტექდათვალიერების ამოქმედება. ასევე აუცილებელია მწვანე ნარგავებით ქალაქის, განსაკუთრებით კი ცენტრალური უბნების განაშენიანება და გზების ხარისხის მოწესრიგება.
“მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძის თქმით, იმის გამო, რომ თბილისი ქვაბულში განთავსებული ქალაქია, იგი ცუდად ნიავდება. ამას ავტოტრანსპორტის დიდი რაოდენობა ერთვის, რაც ჰაერის ხარისხს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
“საქართველოში ატმოსფერულ დაბინძურებას განაპირობებს ავტოტრანსპორტი. ბოლო 20 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აქედან გამომდინარე, პროპორციულად მოიმატა ატმოსფერულმა დაბინძურებამაც. იმის გამო, რომ ავტომობილების დიდი ნაწილი მოძველებულია, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც ატმოსფერული დაბინძურების საკმაოდ მაღალი დონეა. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ვინაიდან გამონაბოლქვში არის ძალიან ბევრი ტოქსიკური ნივთიერება, მათ შორის, ისეთი კარცენოგენები, როგორიცაა ბენზოპირენი. ეს არის ძალიან საშიში ნივთიერება და ცნობილია, როგორც კიბოს გამომწვევი.
გარდა ამისა, საწვავში არის ტყვიაც, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, რაც ასევე პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გია გაჩეჩილაძემ.
გარდა ქიმიური დამაბინძურებლებისა, პრობლემას წარმოადგენს მტვერიც. მისი რაოდენობა საკმაოდ მაღალია თბილისში და ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, გზების ხარისხით და მშენებლობით.
“ხარისხიან გზებზე მცირე ოდენობით მტვერი წარმოიქმნება, ჩვენთან კი გზები არ არის ხარისხიანი და მტვერიც დიდი რაოდენობითაა. საცობების დროს დამუხრუჭებაც ზრდის ატმოსფეროში მავნე ნაწილაკების გამოყოფას. გარდა ამისა, მტვერს წარმოშობს მშენებლობაც, სადაც ელემენტარული ნორმები არ არის დაცული. სამშენებლო საშუალებების მტვერიც ატმოსფეროში ხვდება.
ამ ყველაფრის ფონზე კი ქალაქებში გამწვანების მაჩვენებელიც საკმაოდ შემცირებულია. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მწვანე საფარის განადგურება, რაც, ბუნებრივია, ეკოლოგიურ რისკს ზრდის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
თუ ავტომანქანების გამონაბოლქვი სიმსივნეს იწვევს, მტვერი ალერგიულმა დაავადებების მაპროვოცირებელია. სპეციალისტების თქმით, ალერგიულმა ფონის მატება მხოლოდ ხე-მცენარეების აყვავებას არ უკავშირდება და მისი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, სულაც მტვრის მომატებული დონე იყოს.
იმისათვის, რომ გარემოს დაბინძურების მასშტაბი შემცირდეს, პირველ რიგში, საჭიროა, ავტოტრანსპორტის და მისი გამონაბოლქვის შემცირება. გია გაჩეჩილაძის თქმით, აუცილებელია, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერება ამოქმედდეს და ეტაპობრივად შეიზღუდოს ან მაღალი გადასახადი დაწესდეს ძველი ავტომობილების შემოყვანაზე.
“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ატმოსფეროს, ძირითადად, ავტომანქანების გამონაბოლქვი აბინძურებს:
“ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი არის მთავარი დამაბინძურებელი ჰაერის და იქიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანების რაოდენობა თითქმის 4-ჯერ არის მომატებული, პროპორციულად შეიძლება ჰაერის დაბინძურებაც ამ დონით იყოს მომატებული.
თუ არ მოწესრიგდა, ტრანპორტის მოძრაობა, არ გაიმართა გზები, არ გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა ქალაქში (განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში), თუ მტვერის რაოდენობა არ შემცირდა, ჩვენ ვერაფრით გავწმენდთ დედაქალაქის გარემოს”, – აცხადებს ჩხობაძე.
ბოლო ორი ათეული წელია, მას შემდეგ რაც მოიშალა ცენტრალური გათბობის სისტემა, ჰაერის დაბინძურებაში სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდუალური გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების მიერ გამოყოფილი გაზები. ამიტომ, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური გათბობის აღდგენა და ამ მიზნით მზის ენერგიის გამოყენება, ერთი მხრივ, დაიცავს ატმოსფერულ ჰაერს დაბინზურებისაგან და მეორე მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
გაზეთი “რეზონანსი”