ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვახტანგ მაჭავარიანი დავით კინწურაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის განცხადებას, რომ მათ შორის მოლაპარაკება შედგა და თანამშრომლობას გეგმავენ, სიცრუეს უწოდებს.

როგორც „მეტრონომთან“ ვახტანგ მაჭავარიანმა აღნიშნა, დავით კინწურაშვილთან არანაირ თანამშრომლობაზე საუბარი არ ყოფილა:

„რასაც ამბობს, რომ ჩვენ შორის მოლაპარაკება მოხდა და კონცერტი ინიშნება, არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი მოლაპარაკება და კონკრეტიკა არ არსებობს“ – განგვიცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს არ შეხვდა. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრის  სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ოპერაში არ შეუშვეს. როგორც ვახტანგ მაჭავარიანი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, საქმიანი შეხვედრა დაგეგმილი იყო, თუმცა ადგილზე მისულ დირიჟორს გეგმები შეცვლილი დახვდა. რაც მთავარია, ამის შესახებ მხოლოდ ოპერაში მისვლის და მოსაცდელში ლოდინის შემდეგ აცნობეს.

მოგვიანებით დავით კინწურაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ სოციალური ქსელი გახდა, ჩემი კოლეგების მხრიდან, მცდარი ინფორმაციის თუ არასასიამოვნო შეფასებების არენა. მინდა გითხრათ, რომ ამ ტალღის აგორების მიზეზი იყო ბატონ ვახტანგ მაჭავარიანის განცხადება, თითქოს იგი არ შეუშვეს ოპერის თეატრში. შეხვედრა ბატონ ვახტანგთნ მართლაც ვერ მოვახერხე, გადაუდებელი პრობლემის გამო. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ინფორმირება შეხვედრის გადადების შესახებ სამწუხაროდ გვიან მოხდა, რამაც გამოიწვია ბუნებრივი, არასასიამოვნო რეაქცია მისი მხრიდან. მოგვიანებით მე ბატონ ვახტანგს პირადად ვესაუბრე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ შეხვედრა მისი სურვილისამებრ აუცილებლად შედგებოდა. მან მიპასუხა, რომ თარიღს შემატყობინებს. შესაბამისად არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანის ინიცირებული კონცერტი არ შედგება. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.“- წერს დავით კინწურაშვილი.

იტვირთბა....