ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო-მ ქორწინებასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა. „თანახმა ხართ თუ არა რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ – ეს არის კითხვა, რომლის რეფერენდუმზე გატანისთვის საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს, არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი ამ საკითხზე და საქართველოს მოსახლეობა თავის ნებას გამოხატავს. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ამ თემაზე საუბარი, სპეკულაციები და საქართველოს კანონმდებლობით საბოლოოდ განისაზღვრება ოჯახის ცნება,“ – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

იტვირთბა....