აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტუსკი მიესალმება უკრაინის გადაწყვეტილებას ვოლინის მოვლენებთან დაკავშირებით არქივების გახსნის შესახებ – „მზად ვართ დიალოგისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს ან გვყოფს“

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მიესალმება.  ტუსკის თქმით, პოლონეთი მზად არის „სერიოზული და მეგობრული დიალოგისთვის“ იმ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნებს აერთიანებს ან ყოფს.

„კმაყოფილებით და იმედით მივესალმები ზელენსკის სიტყვებსა და გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ურთიერთპატივისცემასა და სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს,“ – წერს პოლონეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინა გახსნის უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის არქივებს, რომლებიც 1943 წელს ვოლინში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უპირველესად, გადაწყვეტილებები დიპლომატიურ სფეროში იქნება მიღებული. მეორე ეტაპზე გაიხსნება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყველა არქივი, რომელიც მეოცე საუკუნეში ვოლინში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. შემდეგ კი მიღებული იქნება გადაწყვეტილებები სამძებრო და ექსჰუმაციური სამუშაოების ჩასატარებლად დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ.

როგორც პოლონური მედია წერს, 1943 წლის ივლისში „უკრაინის მეამბოხეთა არმიამ“ კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე; პოლონური მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.

იტვირთბა....