მაშველებმა და ადგილობრივებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის მთებში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი ჩამოასვენეს და სავარაუდოდ ის, 5 თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.
ცხედარი სოფელ მსხალგორის მთებში ადგილობრივებმა 8 ივნისს აღმოაჩინეს, თუმცა, უამინდობის და რთული რელიეფის გამო, მისი ჩამოსვენება დროულად ვერ შეძლეს. მანამდე, 2 ივნისს, ადგილობრივმა მწყემსმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვა, რომელიც ასევე, 5 თვის წინ დაკარგული მონადირე აღმოჩნდა.
როგორც სოფელ ბაისუბნის გამგებლის წარმომადგენელი, ვალიკო ჩადუნელი 2030.news-თან აცხადებს, ცხედარი იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზაზეა გადატანილი.
,,ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი, თუმცა, თანასოფლელებმა ის უკვე ამოიცნეს ტანსაცმლით და იმ ნივთებით, რომელიც ცხედართან ერთად იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა იმ სამი მონადირიდან ერთ-ერთია,რომლებსაც მაშველები და ახლობლები 5 თვეა ვეძებთ“, – განაცხადა ვალიკო ჩადუნელმა.
ლაგოდეხის ტყეში 3 მონადირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის იანვარში გავრცელდა. ყვარლის რაიონში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი და მისი ნათესავები, ლაგოდეხში მცხოვრები ავთო და დათო სამხარაძეები, ლაკოს ხეობაში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდნენ.