ბლოგები

ქვეყანა, რომელსაც ჭაღარა მოსამართლეები არ ჰყავს

მომავალი თაობებისთვის სასჯელი, სისხლის სამართალი, გაკვირვების ისეთივე საგანი იქნება, როგორიც ჩვენთვის კაციჭამიობა, ღვთაებებისთვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვაა და .. “როგორ შეეძლოთ ვერ დაენახათ სრული უაზრობა, სისასტიკე და მავნებლობა იმაში, რასაც სჩადიოდნენ?!” – იტყვიან ჩვენი შთამომავლები.   ლევ ტოლსტოი

 

მოსამართლე. ადამიანი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით სამართალს აღასრულებს. ადამიანი, რომელიც, იმის გარდა, რომ იურისპრუდენციაში, სამართალმცოდნეობაში, როგორც მეცნიერებაში, უნდა იყოს გარკვეული, გარკვეული უნდა იყოს იმ სამართალშიც, რომელიც იურისპრუდენციის, სამართალმცოდნეობის მიღმა ძევს. ჩახედული უნდა იყოს საგნების არსში და მათ მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი კანონის მეშვეობით არ უნდა განიხილავდეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსამართლე მხოლოდ ნასწავლი, იურიდიული განათლების მქონე პირი არ უნდა იყოს… ის ამასთან ერთად თავის თავში გარკვეული სიბრძნის მატარებელიც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მას საშუალო ხელის ნოტარიუსისგან არაფერი განასხვავებს. მართლა მოსამართლე კანონის შტამპის ფორმას უნდა უარყოფდეს და ყოველ ფაქტს ინდივიდუალურად უნდა უდგებოდეს…
მართლა მოსამართლე უნდა იყოს ფილოსოფოსი და უნდა იყოს ფსიქოლოგი.

როგორ არის ამ მხრივ საქართველოში საქმე?
საქართველოში ჩემდა, და იმედია არამარტო ჩემდა, გასაკვირად 28 წლის ადამიანს მოსამართლის მანტიის მოსხმა შეუძლია.
2007 წლისთვის საქართველოში გვყავდა თექვსმეტი 28-დან 30 წლამდე მოსამართლე; ოცდათორმეტი 31-დან 35 წლამდე მოსამართლე; რვა 36-დან 50 წლამდე მოსამართლე და მხოლოდ სამი 51-დან 65 წლამდე მოსამართლე. მართალია დღეს 2007 წელი არ არის, ეჭვიც არ მეპარება, რომ მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, მოსამართლეთა საშუალო ასაკს ეს ცვლილებები არ შეხებია. პარადოქსია, ასაკის ზრდასთან ერთად, იმის ნაცვლად, რომ მოსამართლეთა რიცხვმაც მოიმატოს, მოსამართლეთა რიცხვი იკლებს. საქართველოში სამართალს ფაქტობრივად ბავშვები აღასრულებენ… კი, ნასწავლი, იურიდიულ განათლებას დაუფლებულნი, თუმცა იმ მთავარ თვისებას მოკლებული ბავშვები, რა თვისებაზეც ზემოთ ვილაპარაკე.
30 წლის მოსამართლე შეგვიძლია 30 წლის ავტობიოგრაფს შევადაროთ… 30 წლის ადამიანმა შეიძლება მშვენივრად აღწეროს განვლილი 30 წელი, ოღონდ ავტობიოგრაფიისთვის ეს მეტად მცირე ასაკია. მოსამართლეს ცხოვრების დიდი ნაწილი უკან უნდა ჰქონდეს მოტოვებული… ასე ვთქვათ დაღმართზე უნდა იდგეს.

ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, სულ სხვა იმედებით ცხოვრობს; ადამიანს, რომელიც სულ სხვა იმედებით ცხოვრობს, სულ სხვა მოტივები მართავს.

ერთი ორად დიდია შანსი ადვილად მართვადი იყოს ახალგაზრდა გოგო, ან ბიჭი, რომელიც მართლმსაჯულებას აღავლენს, ვიდრე მართლმსაჯულების მსახური ხანდაზმული ადამიანი.

ჭაღარა მოსამართლე გინახავთ ვინმეს ამ ქვეყანაში?! მე არ მინახავს. 2007 წლისთვის 50 წელს გადაცილებული სამად სამი მოსამართლე გვყავდა. არ ვიცი დღეს როგორ არის ამ მხრივ საქმე… შეიძლება ამდენიც აღარ გვყავს.

sh

 

ამ ქალბატონის ფაქტურის მქონე მოსამართლე ჩვენთვის ალბათ ფანტასმაგორიასთან, რაღაც ზღაპრისმაგვართან ასოცირდება.

 

ამ გოგო ბიჭებმა არ (ვერ) შეიძლება სამართალი აღასრულონ! მათ შეუძლიათ მხოლოდ ფაქტი კონკრეტულ ყალიბში მოათავსონ და კონკრეტული ბეჭედი დაარტყან მხოლოდ ფაქტს. ისინი ადამიანებს არ (ვერ) განიხილავენ… ისინი განიხილავენ მუხლებს, თავებს, ქვე თავებს, განიხილავენ შავით თეთრზე დაწერილ სიტყვებსა და წინადადებებს, განიხილავენ იმას, რაც ყველაზე კარგად იციან, მაგრამ ისინი ადამიანებს და ადამიანების ფონს ვერ განიხილავენ… საგნებს ყურით მიმოიხილავენ და არა გულისყურით, რაც, კანონის ცოდნასთან ერთად, მოსამართლის უმთავრესი თვისება უნდა იყოს.

 

არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ასეთი მოსამართლეები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, ბუნებაში სულ არ არსებობენ, მაგრამ მერწმუნეთ, მოსამართლე მხოლოდ ასეთი უნდა იყოს… მოსამართლე ადამიანით უნდა უდგებოდეს კანონს და არა კანონით ადამიანს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ადამიანი სასამართლო სისტემის აუცილებლობას გრძნობს…

იტვირთბა....