რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, -განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე პრაღის შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გათავისუფლებულების.

