ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში დეზინფორმაციის შესახებ, საქართველოც მოხვდა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში– სახელწოდებით: “დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას” – საქართველოც მოხვდა.

  • ანგარიში 2024-2026 წლებს მოიცავს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ხშირად მოიხსენიება, როგორც ევროპისთვის უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) საფრთხე და ის მნიშვნელოვან რესურსებს დებს ოპერაციებში, რათა გაზარდოს გავლენა შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა და უკრაინა), სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და სკანდინავიურ-ბალტიისპირა რვიანში (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი).

საქართველო კვლავ რჩება წინა (ფრონტის) ხაზზე მყოფ ქვეყნად შავი ზღვის რეგიონში რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლენისთვის ბრძოლაში. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერდნენ ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ დასავლური სტილის ლიბერალური დემოკრატიისკენ, NATO-სა და ევროკავშირის წევრობის პოტენციალით. მაშინ როდესაც რუსეთს მტკიცედ სურს აღკვეთოს მეზობელი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება და მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ანკლავებს. რუსეთის სურვილი, ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, საფუძვლად დაედო იმ დაძაბულობას, რასაც მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს და 2024 წლის სადავო არჩევნები,” – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებმა “ქართული ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ არჩევნები უცხოური და შიდა საინფორმაციო მანიპულირებისა და საარჩევნო ჩარევის სამიზნე იყო: “ამ არჩევნების დროს, ყველას თვალში, მათ შორის ყველა სადამკვირვებლო მისიის, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ – დროთა განმავლობაში, ჩვენ აღმოვაჩენთ ახალ დეტალებს, რომლებიც ამას ადასტურებს – ცხადი იყო ფართომასშტაბიანი და დახვეწილი მანიპულაციური ოპერაცია, რომელიც აშკარად შთაგონებული და მხარდაჭერილი იყო რუსებითა და რუსული მეთოდებით,” – აღნიშნულია დოკუმენტში. 

ანგარიშში საუბარია იმის შესახებაც, რომ “ოცნებამ” ძალაუფლება გააძლიერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინური ფირმებისთვის მინიჭებით და პრორუსული ანტიდასავლური ნარატივების განმეორებით.

“ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება გააძლიერა 2012 წელს პირველი არჩევნების მოგების შემდეგ, ოპოზიციის ხმების გვერდით გადაგდებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინური ფირმებისთვის მინიჭებით და პრორუსული ანტიდასავლური ნარატივების განმეორებით. […]

პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელმაც ქონება 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა საბანკო, მეტალურგიული და ტელეკომუნიკაციების კომპანიების დაარსებით, სანამ 2003 წელს საქართველოში დაბრუნდებოდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წელს გახდა და ამ პოსტზე ერთი წელი დაყო, სანამ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა რუსული ანტიდასავლური ნარატივები, მათ შორის ის, რომ დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს საქართველო უკრაინის კონფლიქტში “მეორე ფრონტის” გასახსნელად “გლობალური ომის პარტიის” მეშვეობით,” – ნათქვამია ანგარიშში. 

კომიტეტმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პარლამენტის წევრის, სტივენ დაუთისგან განმარტება მოითხოვა იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევს დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების განხორციელების პოტენციალის გათვალისწინებით, ისეთი მოკავშირეების მსგავსად, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი.

საპასუხოდ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დიდი ხანია ჩვენი პარტნიორობის ძირითადი საყრდენია საქართველოსთან” და აფინანსებს “პროგრამულ სამუშაოებს, რომლებიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას”.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო, რომ დასავლეთმა ხელი შეუწყო რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას, “ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ” – წერია დოკუმენტში. 

თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში მოხვდა ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნაც.

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით განვითარებული მოვლენების შესახებ. ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან “საქართველოში დემოკრატიის მხრივ მკვეთრი უკუსვლა მოხდა”. მასში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ “თანდათანობით შეზღუდა” სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება “სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის” შემოღებით. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის 46 რეკომენდაციას იძლევა “გამოუცდელი გამოწვევების” მოსაგვარებლად, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სავარაუდო დარღვევების შესახებ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად,” – ნათქვამია კომიტეტის ანგარიშში. 

კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიის მუდმივი გაუარესების გამო, რაც, “მისი ამჟამინდელი ტრაექტორიით, ბელარუსის მსგავსად, რუსეთის გავლენის სფეროში მყარად დამკვიდრებულ ავტოკრატიას გამოიწვევს”.

კომიტეტი გმობს  “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციის ხმის ჩახშობის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით.

ეს ქმედებები რუსულ სახელმძღვანელოს ბაძავს და თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე მიუთითებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს ლეგიტიმური პროტესტების საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისთვის პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირების სანქციების დაწესების კუთხით,” – წერია ანგარიშში. 

იტვირთბა....