იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად პოლიტიკური გადაწყვეტილების დაგვიანებისა, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
წულუკიანის განცხადებით, ახლა ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება:
“ქართველმა ხალხმა იცის, რომ მისმა მთავრობამ მასთან ერთად უამრავი რეფორმა განახორციელა, მათ შორის უმძიმესი რეფორმები, იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა, რაც გვეკუთნის იმიტომ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიულად წევრი, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრი არაფერი შეგვიძლია ამ ეტაპზე, უკვე რაც შეგვეძლო ყველაფერი გაკეთდა. ახლა უკვე ევროკავშირის დიდმა სახელწმიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილნი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ან ქართველმა ხალხმა, ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს ჩვენთან მიმართებაში, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულ თემაზე ევროკავშირის ელჩები მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ.

