მთავარი პროკურორი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ რაიმე საქმის მიმდინარეობას არ ადასტურებს. ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი შოთაძე სიცრუეს უწოდებს.
“ეს არის ტყუილი, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც არავის გადაუმოწმებია, გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა”, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. გვარამიას თქმით, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს. გვარამიასვე ცნობით, გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოსგან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება. მან კი სახლი დედისგან იქირავა.