ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

ფსიქიატრიულის პაციენტები ამბობენ, რომ სანიტრები ჯოხით სცემდნენ

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტების მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი შეტყობინება მიიღო პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოში მოქმედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტების მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი შეტყობინება მიიღო პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთან, არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. მონიტორინგის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს პაციენტთა შორის ძალადობის და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის პრობლემა.

ზოგიერთ დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არა მხოლოდ ხელს არ უწყობს ხელსაყრელი თერაპიული გარემოს შექმნას, არამედ  ქმნის ისეთ ვითარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. უმძიმესი პირობებია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი).

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ცენტრში შესვლისთანავე შეიმჩნეოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ უხეში, აგრესიული დამოკიდებულება, რაც გამოიხატებოდა მიმართვის არაკორექტულ ფორმაში. პაციენტები ინტერვიუირების პროცესში იხსენებდნენ ცინიკური დამოკიდებულების შემთხვევებს ექთანის თანაშემწეების მხრიდან.

ერთ-ერთი პაციენტის თქმით კი,  ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად აღინიშნება ფიზიკური ძალადობაც, რაც უმეტესად გამოიხატება თავზე წამორტყმაში. რამდენიმე პაციენტმა გაიხსენა შემთხვევა, როცა სანიტარმა გასაღებების ასხმა პაციენტს თავში ჩაარტყა. გარდა ამისა, მათივე თქმით, ხშირია პაციენტების პროვოცირება, შემდგომში მათი დასჯის მიზნით. პაციენტთა თქმით, ნებისმიერ საკითხზე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში მათ ქიმიური (ინექცია) და ფიზიკური შეზღუდვით ემუქრებიან.

xur2

რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო (ხელვაჩაური)

პაციენტების ინტერვიუირების შედეგად ირკვევა, რომ დასაშინებლად „გისოსებიან პალატაში გადაჰყავთ ადამიანები და კეტავენ“. ერთ-ერთმა პაციენტმა მონიტორინგის ჯგუფს უთხრა, რომ „დერეფანში დაიჭირეს სანიტრებმა და ნემსი გაუკეთეს”, რა დროსაც შემოეხა ტანსაცმელი. ეს ფაქტი დაადასტურა მის პალატაში მყოფმა სხვა პაციენტმაც.

 „უნიმედი კახეთისფსიქიატრიული განყოფილება

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნულ განყოფილებაში ერთ-ერთმა პაციენტმა განაცხადა, რომ პერსონალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ ფიზიკურად შეზღუდეს და ინექციაც გაუკეთეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ქუტირი)

აღნიშნულ ცენტრში პაციენტთა მოპყრობის კუთხით, განსხვავებული ვითარებაა ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში. ზოგიერთ განყოფილებაში პაციენტები პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე არ მიუთითებენ, აცხადებენ, რომ მოპყრობა გაუმჯობესებულია. ზოგ განყოფილებაში კი პაციენტები აცხადებენ, რომ პერსონალი მათ უხეშად ეპყრობა, უყვირის და ფიზიკური ძალადობით ემუქრება. ანგარიშში ვკითხულობთ პაციენტთა მონათხრობს,- „გვაფიქსირებენ დერეფანში, სადაც დაცვის ბიჭები გვიყურებენ“, „ნემსსაც ექთანი იქვე გვიკეთებს, სანიტარი საბანს გვაფარებს ხოლმე“.

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო

მონიტორინგის ჯგუფის წევრებისთვის, თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში თითქმის ყველა ბენეფიციარს თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. დაწესებულების პერსონალის განმარტებით, თმის მოკლედ შეჭრა ხდება დატილიანების თავიდან ასაცილებლად. ბენეფიციარებთან ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა პრაქტიკა, როდესაც წინასწარ არ ხდება ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა პრევენციული ღონისძიებისთვის არის აუცილებელი თმის დამოკლება და მათგან ამ პროცედურაზე თანხმობის მიღება.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ზოგჯერ თმის შეჭრა ხდება არანებაყოფლობით, ძალადობრივად, რაც ღირსების შემლახავია ბენეფიციარებისთვის და მათ მიერ ფასდება, როგორც ძალადობა და უხეში მოპყრობა. ანალოგიური ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი) მოთავსებულმა რამდენიმე ქალმა პაციენტმაც მიაწოდა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში როგორც უშუალოდ პერსონალის მიერ, ასევე პერსონალის წაქეზებით პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს კი მიმართავს, რომ უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის რეგულარული სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის, აჟიტირებული პაცენტის მართვის, არაძალისმიერი დეესკალაციისა და ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენების საკითხებში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორებმა ფხიზელი მეთვალყურეობა უნდა აწარმოონ საკუთარი პერსონალის, განსაკუთრებით ექთანის თანაშემწეების, ქცევაზე და რეგულარულად შეახსენონ მათ, რომ პაციენტთა მიმართ ნებისმიერი ფორმის არასათანადო მოპყრობა მიუღებელია და მკაცრად დაისჯება.  ასეთი მოპყრობის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოახდინონ ადეკვატური რეაგირება, მათ შორის შეატყობინონ საგამოძიებო ორგანოს.

იტვირთბა....