ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებებს ელოდა, ვიდრე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

შეგახსენებთ, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენების წინადადებით პრეზიდენტს ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა მიმართეს.

 

 

იტვირთბა....