საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საინფორმაციო „სპუტნიკ აფხაზეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ფიფას წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას, ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, ხოლო დადასტურების შემთხვევაში კი ტურნირს რეგიტიმაცია არ ექნება.
”ეს დადასტურებული არ არის, ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქმე ეხება საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ხვალ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპინძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განცხადებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი უმასპინძლებს, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.
ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფო ტურნირს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.
ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.