„ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაე განაცხადა. ის ამით სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამ ინციდენტს “მიუღებელი” უწოდა და ძალოვანი უწყებები ადგილზე შეუსაბამო მოქმედებების გამო გააკრიტიკა.
„მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ. იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში. ოქტომბერში, როდესაც ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები იქნას მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.