თსუ-ს თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც „მეტრონომს“ საბაურმა განუცხადა ეს არ იყო სამუშაო შეხვედრა და მათ რიგი საკითხები მოლაპარაკებების გარეშე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. მისი თქმით, განათლების სამინისტროს სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება სტუდენტებთან შეთანხმების გარეშე უნდა.
„ეს სამუშაო შეხვედრა არ იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სამუშაო შეხვედრა იქნებოდა, სადაც უნდა განხილულუყო რიგი საკითხები ფართო საზოგადოებაში. ეს თურმე საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია იყო და ამ რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა. მოსაზრებები რაც ჩვენი მხრიდან იყო, არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ სამინისტროსთვის საკმაოდ დასაბუთებული, არგუმენტირებული და მწყობრი ლოგიკის მოსაზრებები გვქონდა მიწოდებული.
პირდაპირი წესით არჩევას აქვს სხვადასხვა მოდიფიკაციები და ჩვენ ეს მოდიფიკაციები შევთავაზეთ, სადაც ყველას პოზიცია იქნებოდა გათვალისწინებული და თვითმმართველობის ინსტიტუციას არ დაანგრევდა. აქ ეგ გათვალისწინებული არ არის. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ პლატფორმა შექმნილიყო და ამ პლატფორმაში გადაწყვეტილიყო არჩევის წესი, როგორი მოდელის თვითმმართველობა იქნება და რაც შეიძლება მეტი თავისუფლება ჰქონოდათ სტუდენტებს იმისთვის, რომ თავად გადაეწყვიტათ როგორი თვითმმართველობა სურთ“- განუცხადა „მეტრონომს“ საბაურმა.
მან აღნიშნულ შეხვედრას დაგეგმილი შოუ უწოდა.
„მე ამ შოუში მონაწილეობას ნამდვილად არ ვაპირებდი, ის რომ მინისტრმა თქვას, რომ თურმე ყველასთან შეთანხმებულია, ნამდვილად არ ვეთანხმები და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. შემდეგ, როდესაც სხვა მიმართულებით დაიწყეს საუბარი, რა თქმა უნდა, პროტესტის ნიშნას შეხვედრა დავტოვე“- აღნიშნა საბაურმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თამარ სანიკიძემაც.
„რაც შეეხება თვითმმართველობას და 45-ე მუხლს, თავიდანვე იყო პრინციპული შეთანხმება იმაზე, რომ რადგან ჩვენ დღეს არ გვაქვს საუკეთესო მოდელი ჩამოყალიბებული, ამას მართლაც სჭირდება მსჯელობა. გადავიტანთ ყველაფერს გარდამავალ პერიოდში გარკვეული ფუნქციებით, გარკვეული თამაშის წესების დაწესებით, ასე ვთქვათ, სამორატორიუმო პერიოდით. შესაბამისად, მოგვეცემოდა საშუალება, რომ ამ მოდელებზე გვემსჯელა. ეს არის პრინციპი, რომელზეც შევთანხმდით“- აღნიშნა სანიკიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. განათლების მინისტრი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად სამ ძირითად საკითხზე მსჯელობდა: როგორ უნდა მოხდეს უმაღლეს სასწავლებლებში, საფაკულტეტო საბჭოებში, სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევა; რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირება და თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები.
ნინო ცხადაია