”რესპუბლიკური პარტია” იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებების პოზიციებზე არ შეჩერდება“,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროული და მყისიერი ქმედებები განახორციელოს კორცხელში განხორციელებული ძალადობის ჩამდენი და დამკვეთი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.
ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას ელის დემოკრატიული და სისტემური რეფორმების გატარებისთვის და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას. ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მომხდარი ინციდენტი გვაშფოთებს იმდენად, რამდენადაც ამ პროვოკაციის ხელწერა უკიდურესად ჰგავს წარსულში გამოცდილ სამოქალაქო დაპირისპირებაზე აწყობილი პოლიტიკური ბრძოლის მავნე და ქვეყნისთვის საზიანო პრაქტიკას.
”რესპუბლიკური პარტია” იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს.
კორცხელის ინციდენტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებამ ქვეყანაში ჩაიაროს ისე, როგორც ამას დემოკრატიული პროცედურები ითხოვს და სრულად იქნეს დაცული თანაბარი, კონკურენტული და თავისუფალი გარემო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფისთვის, რაზეც მეორეს მხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, რომლის შებღალვაც მსგავსი ინციდენტების საშუალებით ხელს მხოლოდ ერთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას, რუსეთს აძლევს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და დასაჯონ რეალური დამნაშავეები, რათა მომავალში მგავსის ჩადენის შესაძლებლობა აღარ არსებობდეს”, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.