სპორტსმენები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერებად“ მოიხსენია და პროვოკაციაში დასდო ბრალი, ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ.
ილია მარტყოფლიშვილმა, თეიმურაზ ლუტიძემ და ანრი ბიჩენოვმა პოლიციაში განცხადებაც შეიტანეს. მათი თქმით, ისინი გუშინ თბილისში იმყოფებოდნენ და სამეგრელოში მომხდარის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყეს.
„სახლში ვიყავი და ამ დროს გადაცემიდან ვიგებ, რომ მე – ილია მარტყოფლიშვილი, ჩემი მეგობარი ანრი ბიჩენოვი და თეიმურაზ ლუტიძე გამოგვაცხადეს პროვოკატორებად და ე.წ. მოჩხუბრებად. ამის შემდეგ წავედით პოლიციაში და დავაფიქსირეთ, რომ ასე არ ყოფილა. მთელი დღე ჩემს მუშასთან ერთად სახლში ვარ. ეს არის ტყუილი და ხელისუფლებას ვთხოვ, ამ ინფორმაციას ჩემზე ნუ ავრცელებს“, – აღნიშნა ილია მარტყოფლიშვილმა.
სპორტსმენების თქმით, უამრავი მოწმე არსებობს, ვინც მათ ნათქვამს დაადასტურებს.
ცნობისთვის, გუშინ ღამით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ იმ პირთა ვინაობა და ფოტოები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.
„სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. გიგა ბოკერიას ზონდერჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, გიგა ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი; ვლადიმერ სხულუხია, „თავისუფალი ზონის“ წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა; თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი; ანრი ბიჩენოვი; ილია მარტყოფლიშვილი; ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუტიძე“, – თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით, დანარჩენი სპორტსმენები, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები არიან და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდნენ.