კორცხელის საარჩევნო უბანში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაშავდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ცნობილი სახეები:
ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, უფლებადამცველი:
“საქართველოში არსებული ძალადობის ატმოსფერო უკვე დიდი ხანია დასადგურებულია. ამას ხელს უწყობს როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის სრული ინერტულობა, ასევე მისი მთავარი ეგრეთწოდებული ოპოზიციის გაცხადებული მოძალადე პოზიცია. ორივე ეს ისტაბლიშმენტური ძალა დღეს თითქოს დაინტერესებულია რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდეს. იარების მოსაშუშებლად ქვეყანაში უნდა დაიწყოს სიმართლის და შერიგების პროცესი. და უკანასკნელ 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში
რა ძალადობრივი პროცესებიც იყო – ყველაზე უნდა ითქვას სიმართლე და დაიწყოს ნამდვილი შერიგების პროცესი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელი სიძულვილის ვაკხანალიიდან, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სხვადასხვა განშტოებებმა დაამყარეს. ქვეყანას უნდა გაწმენდა მოქალაქეთა კავშირი მოძალადე ფილოსოფიისგან”.
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:
“არ აქვს დღევანდელ ამბავს არანაირი გამართლება და ნუ ცდილობთ გამართლებას… დიდი არჩევნების რეპეტიციამ, ყველას სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიარა…. ვერ გაამართლებთ დღევანდელ დღეს იმით, მიშას დროს რაც ხდებოდა… რომ ხდებოდა, იმიტომაც აღარაა დღეს ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობა…რა ვქნა, ჩაგეყენებინათ ეგ კუნთმაგარი ბიჭები გასაპროტესტებლად იქ, სადაც გუშინ ახალგაზრდა ქართველი კაცი მოგვიკლეს :(((… ძალიან ცუდი იყო დღევანდელი დღე… ძალიან”.
რატი ამაღლობელი, პოეტი:
“ჩვენ ხომ მარტო ერთმანეთის თავპირისმტვრევა შეგვიძლია, თან იმ ადგილზე და იმ რეგიონში სადაც სულ ცოტა ხნის წინ რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ, მოკლეს გიგა ოთხოზორია და გადავიდნენ უკან. ოქტომბრამდე როგორც ჩანს ასე გავატერებთ; ერთმანეთის ცემა-ტყეპაში, რა უბედური ხალხი ვართ.”
თამარ კორძაია, საპარლამენტო პარლამენტის წევრი:
“რა არის ახლა ეს? როდემდე ასეთი ველური საქციელი? როდემდე ვერ უნდა ავიტანოთ განსხვავებული პოზიციის ადამიანები?…”