ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„მაგთიკომი“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ: „პალიტრამ ჩვენი დისკრედიტაცია მთავარ მიზნად გაიხადა“

კომპანია “მაგთი“ ტარიფებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ სტატიას ეხმაურება. კომპანია აღნიშნავს, რომ გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია მაგთიკომის დისკრედიტაციასა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ემსახურება:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა „პალიტრა მედიამ“.
მოგეხსენებათ, რომ მაგთიკომმა 2016 წლის აპრილის ბოლოს თავის მობილურ ბრენდებზე სატარიფო გეგმების ოპტიმიზაცია მოახდინა.
საგულისხმოა, რომ „ბანკები და ფინანსები“ აპელირებს მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ზრდაზე და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, როდესაც აცხადებს, რომ მაგთიკომის ყველა მომხმარებელი ამიერიდან 24-თეთრიანი ტარიფით სარგებლობს. ეს ასე არ არის. 24 თეთრიანი ტარიფი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული ზედა ზღვრული ტარიფია. სტანდარტული ტარიფის გარდა, ჩვენს მომხმარებლებს აქვს არჩევანი, მათ შორის 0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფი „ზერო +“ ის ფარგლებში.
სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და, შესაბამისად, ეს მათ არც შეხებია. მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ძველებურად აგრძელებს არჩეული, ალტერნატიული ტარიფებით სარგებლობას.
რაც შეეხება ზარის წამოწყების ღირებულების შეცვლას 10 თეთრამდე, ეს სხვა მობილურმა ოპერატორებმა დეკემბერ-იანვარში განახორციელეს, გაცილებით ადრე, ვიდრე მაგთიკომმა.
P.S. მაგთიკომის წინააღმდეგ, გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა, მაგთიკომის დისკრედიტაცია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს მაგთიკომის მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი.
რაც შეეხება „პალიტრა მედიას“, მას მერე, რაც „მაგთიკომმა“ უარი განუცხადა „პალიტრა ტვ“-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, „პალიტრამ“ „მაგთიკომის“ დისკრედიტაცია მთავარ მიზნად გაიხადა.
გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი მაგთიკომის თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი მაგთიკომმა სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე მაშინ, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს „პალიტრა მედია“ თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....