უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შეფერხება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში რუსეთზე საკმარის ზეწოლას არ ახდენს.
ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში „უცნაური“ უწოდა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხუტება და მას მეგობარს უწოდებს.
„რა თქმა უნდა, ეს აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ უცნაურია. ის აგრესორია და მკვლელია. ის მეგობარი ვერ იქნება. უბრალოდ, ვერ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იგივეა, ვინმე ამბობდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობდა.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაურკვეველია, დაესწრებიან თუ არა მოლაპარაკებებს ევროპელი წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს მათი მონაწილეობა უკვე დაანონსებული ჰქონდათ.
„როდესაც ცდილობ, აგრესორის მიმართ ძალიან ნეიტრალური იყო, ნიშნავს, რომ მსხვერპლსაც უჭერ მხარს და აგრესორსაც. ეს სწორი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხედროები ამჟამად რუსეთის ყველაზე სწრაფი დრონების დაახლოებით 70%-ის განადგურებას ახერხებენ. მისი განცხადებით, ეს მაჩვენებელი თანდათან უმჯობესდება, თუმცა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად განკუთვნილი რაკეტების დეფიციტი „ძალიან, ძალიან დიდია“. ზელენსკის თქმით, ამერიკელები „პეტრიოტის“ სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდებას აყოვნებენ.
„სამწუხაროა, რომ მათ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან. ეს სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლეს ნიშნავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ მუშაობა კვლავ შეზღუდულია. კითხვაზე, ვის გადაწყვეტილებას უკავშირდება შეზღუდვები, ზელენსკიმ უპასუხა: „ტექნიკურად – SpaceX-ის, პოლიტიკურად – არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ეს თითქოს პინგპონგია. ერთ მხარეს ვეკითხებით, ისინი გვეუბნებიან, რომ მეორე მხარეა პასუხისმგებელი“.
უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმები ბოლო კვირებში გახშირდა. სამიზნეებს შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და იარაღის ან საწვავის გადამზიდავი გემები. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ლიბიაში რუსული სამხედრო გემის ჩაძირვისას განხორციელებული თავდასხმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ომის გავრცელების საფრთხეს ქმნის, რაც მიუღებელია. ზელენსკიმ აღნიშნული თავდასხმა გაამართლა და რუსული სამხედრო გემი „მერკური“ „სრულიად ლეგიტიმურ სამიზნედ“ მოიხსენია.
მისი თქმით, მსგავსი დარტყმები „ძალიან სახიფათოა“, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ძალები პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე „არასდროს ესხმიან თავს“. ამ საკითხზე დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან უკრაინის პრეზიდენტმა თავი შეიკავა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება.
„რუსეთს სურს, ჩვენ გავიქცეთ. ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ჩვენი დედაქალაქი ყველანაირად დავიცვათ. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დედაქალაქი. დედაქალაქის გარეშე ქვეყანა არ არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

