აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფაშინიანის თქმით, სომხეთი რუს მესაზღვრეებს საკუთარი ძალებით ეტაპობრივად ჩაანაცვლებს

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანა უახლოეს წლებში საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობის სრულად აღებასა და რუსი მესაზღვრეების საკუთარი ძალებით ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს.

“მადლიერი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებს იცავდნენ. მაგრამ ვფიქრობ, დადგა დრო, რომ უახლოეს წლებში ჩვენი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ავიღოთ.” – განაცხადა ფაშინიანმა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, FSB-ს, დაქვემდებარებაში მყოფი მესაზღვრეები სომხეთის საზღვრებს თურქეთსა და ირანთან 1992 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იცავდნენ.

ბოლო წლებში ერევანი საზღვრების დაცვაზე კონტროლს ეტაპობრივად ზრდის. რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის აგვისტოში დატოვეს. 2025 წლის იანვრიდან ირანის საზღვარზე მდებარე აგარაკის გამშვებ პუნქტს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები იცავენ, თებერვლიდან კი მათ თურქეთის საზღვარზე მარგარას გამშვებ პუნქტიც სრულად გადაიბარეს. თუმცა, საზღვრის სხვა მონაკვეთებზე სომეხი და რუსი მესაზღვრეები ერთობლივ პატრულირებას ამ დრომდე განაგრძობენ.

იტვირთბა....