დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ ASTRA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 ნოემბრის ღამეს რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში სინთეზური კაუჩუკის ქარხანასა და თბოელექტროსადგურში აფეთქებები მოხდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხნის ნაწარმი გამოიყენება მყარი სარაკეტო საწვავის დასამზადებლად, მათ შორის, “ისკანდერის” ტიპის რაკეტებისთვისაც.
სინთეზური კაუჩუკი ბალისტიკური რაკეტების მამოძრავებელი, მაღალენერგეტიკული მყარი სარაკეტო საწვავის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
ASTRA-მ ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ აფეთქება სინთეზური კაუჩუკის ქარხანასა და თბოელეტროსადგურში მოხდა.
ეფრემოვის თბოელექტროსადგური სითბოთი და ელექტროენერგიით ამარაგებს ქალაქსა და ადგილობრივ სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის, კაუჩუკის ქარხანას.
ადგილობრივი მცხოვრებლები აფეთქებების შემდეგ გათბობის მიწოდების შეფერხებების შესახებ იტყობინებოდნენ.
ტულის ოლქის გუბერნატორმა, დმიტრი მილიაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რეგიონის თავზე ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
“დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა”. – თქვა მილიაევმა.
გუბერნატორს სამრეწველო ობიექტზე მომხდარი აფეთქებები არ უხსენებია.

