გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ემხრობა და აცხადებს, რომ ევროკავშირმა დამატებითი ვალი არ უნდა აიღოს.
მისი თქმით, ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ბიუჯეტის შემცირების მიმართულებით პროგრესია მიღწეული, თუმცა საბოლოო მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
მერცის განცხადებით, შემცირება შესაძლოა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მიერ შეთავაზებულ 204 მილიარდ ევროზე მეტიც იყოს. გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ შეთანხმება წლის ბოლომდე მოხერხდება.
„ევროპასაც სჭირდება ჯანსაღი საჯარო ფინანსები და ახალი ვალის აღება არ უნდა მოხდეს. Next Generation EU პროგრამისა და უკრაინის დახმარების ფარგლებში უკვე მნიშვნელოვანი ვალი ავიღეთ. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ახალი ფინანსური ჩარჩოს მომსახურებისთვის 150 მილიარდ ევროზე მეტი საპროცენტო ხარჯი გვექნება. ეს ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ დამატებითი ვალი არ უნდა ავიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედების შესაძლებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, შეთანხმების წლის ბოლომდე მიღწევა მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო წელს ევროპის არაერთ ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, რაც მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაართულებს.
საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ევროკავშირის ლიდერები 17 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე შეიკრიბებიან.
მერცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოზიცია, რომ უკრაინის დახმარებაში ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, საკითხზე ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში კიდევ იმსჯელებენ, ხოლო მოლაპარაკებები დეკემბერში გაგრძელდება.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის არსებობს შეთანხმებული პოზიცია, რომ უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები სჭირდება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერების სამიტი 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

