აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანტიკორუფციული უწყებები დამოუკიდებლები არიან, დაუშვებელია მათ საქმიანობაში ჩარევა, ცალკეულ თანამშრომლებთან დაკავშირებით კი, არსებობს კითხვები და მიმდინარეობს გამოძიება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „უკრაინაში მილიარდობით ევროს დაფინანსება შემოდის, ამავდროულად კი, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ანტიკორუფციული გამოძიებები და არსებობს მტკიცებულებები მაღალი რანგის თანამდებობის პირების ნარკოკარტელებთან კავშირის შესახებ. ასევე გენერალური პროკურორი, რომელიც თავად დანიშნეთ, კორუფციაში ეჭვმიტანილის სტატუსით ქვეყნიდან წავიდა. თქვენი ახლო მეგობრებიც აღმოჩნდნენ ეჭვქვეშ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ორ ომს აწარმოებთ: ერთს – აგრესორ რუსეთთან, ხოლო მეორეს – შიდა ომს კორუფციის წინააღმდეგ. აგებთ თუ არა ომს კორუფციის წინააღმდეგ?“, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება პრობლემებს არ მალავს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

„რა თქმა უნდა, არა. ჩვენ კორუფციას ვებრძვით და სწორედ ამიტომ იცით ამ გამოძიებების შესახებ. ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ ამ საკითხებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ჩემს მეგობრებს არ ეხება. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დიდი სისტემა და ყველა ის რეფორმა, რომელიც გავატარეთ და პარლამენტმა მიიღო. ომის დროსაც ბევრ რამეს ვაკეთებთ. თუმცა, ომის დროს სხვადასხვა გამოწვევა არსებობს, მათ შორის კორუფციის შემთხვევებიც. არ უნდა გავჩერდეთ, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ უწყებაზე ზეწოლას ახორციელებდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული უწყებები დამოუკიდებლები არიან და მათ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

„პირველ ყოვლისა, ისინი დამოუკიდებლები არიან და ამის გაკეთება დაუშვებელია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რატომ არ აჩერებს ის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შესაძლო ზეწოლას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცალკეულ თანამშრომლებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და შესაბამისი შემოწმებები და გამოძიებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ზოგიერთი თანამშრომელი უკვე გათავისუფლებულია.

„მე ამ ინსტიტუტებს მხარს ვუჭერ, მაგრამ არა კანონის დარღვევის ხარჯზე. ისინი დამოუკიდებლები არიან. როდესაც ჩემთან საუბარი სურთ, შეუძლიათ, ჩემს ოფისში მოვიდნენ. მათ იციან, რომ მხარს ვუჭერ და დახმარებას ვცდილობ, თუმცა, არა იმდენად, რომ კანონი დავარღვიო, რადგან ისინი დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე და აღნიშნა, რომ არასწორი იქნება მთელი უწყების დადანაშაულება ცალკეული პირების შესაძლო ქმედებების გამო.

„სპეციალური სამსახურის ბევრი თანამშრომელი გმირია. ასობით მათგანი დაიღუპა ამ ომში. მათ განახორციელეს ოპერაციები ყირიმის ხიდის წინააღმდეგ და რუსული გემების წინააღმდეგ. კონკრეტული პირები კანონს თუ არღვევენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ და პასუხი აგონ. მე მინდა, ვიყო ყველა უკრაინელის პრეზიდენტი და არა რომელიმე ერთი ინსტიტუტის მხარდამჭერი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა ზელენსკის ე.წ. დინასტიის კორუფციულ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებში ნახსენები „ვოვას“ შესახებ ჰკითხა. კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ეს სახელი თავად უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკიმ განაცხადა:

„ეს კითხვა ანტიკორუფციულ უწყებებს უნდა დაუსვათ. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ჩემთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ. ვფიქრობ, ეს არის პასუხი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა. Fox News Digital-თან ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა.

იტვირთბა....