კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კონკრეტული კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 700 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა.
„ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროა. გირჩევთ, ყურადღება არ მიაქციოთ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე რუსული და საერთაშორისო მედია რუსეთის სტატისტიკის სააგენტოზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული მონაცემების გაანალიზების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში 470 000 – 700 000- მდე სამხედრო დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა გარდაცვლილი სამხედროების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში თითქმის 6000 რუსი სამხედრო იყო გარდაცვლილი.

