ჰორმუზის სრუტეში, ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებს შეეჯახა, რის შედეგადაც ისინი აფეთქდნენ და ცეცხლი წაეკიდათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემები ცდილობდნენ, წყლის გზაზე არასანქცირებული მარშრუტით გაევლოთ.
ამასთან, ცალკეულ განცხადებაში, ირანის არმიის პრესსპიკერმა მოჰამად აკრამინიამ აღნიშნა, რომ სრუტეზე მეთვალყურეობისა და კონტროლის გასაძლიერებლად, სამხედროებმა ახალი სისტემები განათავსეს, არსებულები კი – განაახლეს. მისი თქმით, გემები, რომლებიც ირანულ ძალებთან კოორდინაციის გარეშე ცდილობდნენ სრუტის გავლას, ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ და ნაღმებს წააწყდნენ.
ამასთან, Reuters-ის განმარტებით, ოფიციალურმა თეირანმა ვაშინგტონს უთხრა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გემების ნორმალურ გადაადგილებას არ აღადგენს, ვიდრე მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, მათ შორის აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნა და ომის ყველა ფრონტზე დასრულება.

