უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გაფორმებას ითხოვენ. მათი სურვილია, შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ზელენსკის თქმით, თუ უკრაინისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდება, კიევი აშშ-სგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტისა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
“უკრაინის მხარდაჭერისა და სანქციების დონე ისეთი უნდა იყოს, რომ რუსებისთვის მკაფიო სიგნალი გახდეს. დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ და ომი შევაჩეროთ.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, სამშვიდობო შეთანხმების “რაც შეიძლება სწრაფად”, იდეალურ შემთხვევაში კი იანვრამდე გაფორმებას ემხრობიან.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება შეიძლება მოუწიოს, მაშინ როცა ვლადიმირ პუტინი ომის შეწყვეტისთვის მზადყოფნის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
“არსებობს სურვილი, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდეს. ეს ჩვენც გვესმის და რუსებსაც. გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე.” – აღნიშნა ზელენსკიმ.
აქამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ სურს, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე მიაღწიონ.
23 ნოემბერს ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ამერიკელი მომლაპარაკებლები უკრაინასთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და რუსეთთან იმუშავებენ.

