ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარასტუ აჰმადი და მისი მუსიკალური გუნდის ოთხი წევრი გაამათრახა. მათ მათრახი 74-ჯერ დაარტყეს.
29 წლის პარასტუ აჰმადი ირანის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში 2024 წლის დეკემბერში მოექცა, როდესაც მან კონცერტი გამართა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მომღერალს სცენაზე უმკლავებო კაბა ეცვა და სავალდებულო ჰიჯაბი არ ეკეთა.
ირანში მოქმედი კანონმდებლობა ქალებს საჯარო მუსიკალურ გამოსვლებს უკრძალავს და მათ თავსაბურავისა და სხეულის დამფარავი ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.
2026 წლის ივნისში ქალაქ ყომის სისხლის სამართლის სასამართლომ პარასტუ აჰმადი და კიდევ რვა პირი “საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფასა” და “უხამსი და უწესო მასალის” გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულები წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდნენ.
სასამართლომ მათ 74 დარტყმა მათრახით მიუსაჯა. გარდა ამისა, ორი წლით აუკრძალა მათ სფეროში საქმიანობა და ქვეყნის დატოვება.
აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის [CHRI] ადვოკატირების მიმართულების დირექტორის, ბაჰარ ღანდეჰარის განცხადებით, აჰმადის გაროზგვა მისი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.
“პარასტუ აჰმადის გამათრახება იმის გამო, რომ მან იმღერა და ისე ჩაიცვა, როგორც თავად სურდა, ნათლად აჩვენებს ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჩაახშოს ქალთა თავისუფლებები და სასტიკად დასაჯოს ყველა, ვინც დისკრიმინაციულ კანონებსა და პოლიტიკას ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამათრახება სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი სასჯელია, რომელიც წამების აკრძალვის საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.
ირანში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალებმა და სქესობრივი მომწიფების ასაკს მიღწეულმა გოგონებმა თმა ჰიჯაბით უნდა დაიფარონ და გრძელი, თავისუფალი ტანსაცმელი ატარონ.
ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი განსაკუთრებით 2022 წელს გაძლიერდა, მას შემდეგ, რაც თეირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი პატიმრობაში გარდაიცვალა. ის ჰიჯაბის “არასწორად ტარების” ბრალდებით დააკავეს.
მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დროს ქალები თავსაბურავებს წვავდნენ და ჰაერში აფრიალებდნენ, რითაც დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. უსაფრთხოების ძალების მიერ პროტესტის ჩახშობისას ასობით ადამიანი დაიღუპა.
მას შემდეგ ირანში სულ უფრო მეტი ქალი უარს ამბობს საზოგადოებრივ ადგილებში თმის დაფარვაზე. ხელისუფლება კი საპასუხოდ პერიოდულად ატარებს დაკავებებს, გასცემს გაფრთხილებებს და ხურავს იმ ბიზნესებს, რომლებიც ჩაცმულობის სავალდებულო წესებს არ იცავენ.
ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მიმდინარე წლის იანვარში, როდესაც ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს. სიკვდილით დასაჯეს აკრძალულ ოპოზიციურ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირის მქონე 16 პირი და კიდევ 17 ადამიანი, რომლებსაც ჯაშუშობასა და უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში ედებოდათ ბრალი.
იანვარში დაკავებულ კიდევ 121 მომიტინგეს, მათ შორის ექვს ქალსა და ხუთ არასრულწლოვანს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

