ინგლისურენოვანი უკრაინული მედიის, The Kyiv Independent-ის ბრიუსელის კორესპონდენტი კრის ფაუერსი წერს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ. გამოცემის ცნობით, წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტის ნაწილია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 23 ნოემბერს წარადგინა.
The Kyiv Independent-ის თანახმად, ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხეს ნავთობის მომწოდებლების დივერსიფიკაციით უპასუხა და ახლა ნედლ ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს. ამავე ინფორმაციით, სწორედ ამან განაპირობა ევროკომისიის წინადადება.
სანქციების პაკეტის მისაღებად ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. თუ ქარხანა სიიდან 2027 წლის 25 იანვრამდე ამოიღეს, მასზე სატრანზაქციო აკრძალვა არ ამოქმედდება.
ევროკავშირის საბჭომ ყულევის ქარხანა 23 ივლისს, სანქციების 21-ე პაკეტით შეიყვანა სიაში. პაკეტმა სატრანზაქციო აკრძალვა გაავრცელა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ამუშავებენ. ევროკომისიის განმარტებით, ქარხანა სიაში რუსულ ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების გამო მოხვდა, მაშინ, როცა ნავთობპროდუქტების ექსპორტს ევროკავშირში აგრძელებდა.
ამავდროულად, ევროკავშირმა ქარხანას ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცა: აკრძალვის ამოქმედების თარიღად 2027 წლის 25 იანვარი განისაზღვრა, ევროკომისიას კი 25 ოქტომბრამდე უნდა შეეფასებინა, კვლავ საჭირო იყო თუ არა საწარმოს სიაში დატოვება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მაშინ უკმაყოფილება გამოთქვა. უწყებაში ირწმუნებოდნენ, რომ მას ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
ქარხნის მფლობელმა და ოპერატორმა, მაკა ასათიანის კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმმა” ივლისში ყაზახური ნავთობის გადამუშავება დაიწყო, აგვისტოს ბოლოს კი ყულევში ლიბიური ნავთობის პირველი პარტია შემოვიდა. კომპანიის განცხადებით, 23 აგვისტოდან საწარმო მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლეულს ამუშავებს. მანამდე, 2025 წლის შემოდგომაზე, ქარხანამ ნავთობის პირველი პარტია რუსული კომპანია “რუსნეფტისგან” მიიღო.
სანქციების 22-ე პაკეტი, The Kyiv Independent-ის ცნობით, ასევე ითვალისწინებს რუსული სპორტის წინააღმდეგ შეზღუდვებს, ომში მონაწილე რუს სამხედროებზე სავიზო აკრძალვასა და ყირგიზეთის კრიპტოპლატფორმებთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვას. პაკეტით, დაახლოებით 60 რუსული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან უნდა გაითიშოს, სანქციების ახალ სიაში კი ჩრდილოვანი ფლოტის 70-ზე მეტი გემი შედის.
პაკეტის საბოლოო დამტკიცება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდეა მოსალოდნელი.

