ევროკომისიამ უკრაინას 8 მილიარდამდე ევრო გადაურიცხა , – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური საჭიროებების მხარდასაჭერად 7.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში.
აღნიშნული თანხა Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მეცხრე და ყველაზე დიდი ოდენობის ტრანშია.
ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნული თანხის გამოყოფა შესაძლებელი გახდა უკრაინის მიერ რიგ სტრატეგიულ სექტორებში რეფორმების წარმატებით განხორციელების შედეგად, კერძოდ: სასამართლო სისტემაში, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ფინანსურ ბაზრებზე, სახელმწიფო აქტივების მართვის, ადამიანური კაპიტალის, ბიზნესგარემოს, დეცენტრალიზაციის, რეგიონული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორის, აგროსასურსათო ბაზრის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე გადასვლისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
„უკრაინა აგრძელებს რეფორმების გატარებას და ამავდროულად თავს ყოველდღიურად იცავს. დღეს ჩვენ დაახლოებით 8 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს დღემდე გამოყოფილი ყველაზე მსხვილი ტრანშია. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რეფორმების გატარებაში მიღწეულ რეალურ პროგრესს რეალური შედეგები და სარგებელი მოაქვს. ვიდრე უკრაინა არ ნებდება და ევროპულ გზაზე სვლას აგრძელებს, შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

